08 ოქტომბერი 2024,   09:38
ვრცლად
რუსეთის ეკონომიკას იზოლაციის მომავალი ელის - დისკუსია აშშ-ში, ატლანტიკურ საბჭოში გაიმართა

რუსეთის ეკონომიკას იზოლაციის მომავალი ელის. რუსი ეკონომისტების შეფასებით, ასეთ შედეგს კრემლის საგარეო პოლიტიკა, ყირიმის გამო დაწესებული სანქციები და ყველაფერთან ერთად, ნავთობის ფასის დაცემა გამოიწვევს. რუსეთის ეკონომიკურ მდგომარეობაზე აშშ-ში, ატლანტიკურ საბჭოში იმსჯელეს.

”დღეს ჩვენ მომსწრე ვხდებით, რომ რუსეთის რეცესია უკვე მეორე წელსაც გრძელდება. არა მხოლოდ ახლანდელი გარემოა ხელისშემშლელი, როდესაც ნავთობის ფასი ძალიან დაბალია, არამედ რუსეთი ისევ განიცდის იმ სტაგნაციის გავლენას, რომელიც წლების წინ, ჯერ ნავთობის ფასების დაცემამდე დაიწყო," - აცხადებს პერი ქეფითალის სპეციალისტი ჯული ჩონი. 

გარკვეული არასაიმედო პროგნოზი აქვთ რუს ეკონომისტებსაც. ისინი ვარაუდობენ, რომ ყირიმის ოკუპაციის გამო დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს, მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე სერიოზულ დარტყმას ეკონომიკას ჯერ არ აყენებენ, გავლენა აუცილებლად ექნება და დროთა განმავლობაში რუსეთის ეკონიმიკას იზოლაციაში მოაქცევენ. რუსეთის ცენტრალური ბანკის ერთ-ერთი ყოფილი ხელმძღვანელი და ფინანსთა მინისტრის მოადგილე ელცინის ადმინისტრაციაში, რომელიც დღეს შეერთებულ შტატებში ცხოვრობს, ამბობს, რომ სანქციების გამო რუსეთი უცხოელი ინვესტორებისთვის მიმზიდველი აღარ არის.

 “თუკი დარჩება საერთაშორისო სანქციები, რუსეთის ეკონომიკა უფრო და უფრო იზოლირებული გახდება საერთაშორისო ბიზნეს ურთიერთობებისგან. რუსეთი დღეს აღარ არის მიმზიდველი უცხოელი ბიზნესმენებისთვის. ევროპელ და ამერიკელ ბიზნესმენებს ურჩევნიათ არ განახორციელონ ინვესტიცია რუსეთში, ახალ პროექტებში,” - აღნიშნა  ეკონომიკის საკითხებში ექსპერტმა სერგეი ალექსაშენკომ. 

ამერიკელი ექსპერტები კი ამბობენ, რომ დასავლეთის სანქციებმა უკვე მიაყენეს სერიოზული ზიანი რუსეთის ეკონომიკას და ეს არის დაახლოებით 80 მილიარდი დოლარი, რომლის გამოყენებაც რუსეთმა ვერ შეძლო. სპეციალისტების თქმით ვითარებას ართულებს საკუთრების დაცვის არარსებობა და არაჯანსაღი საინვესტიციო გარემო. მომავალი წლის ეკონომიკა მეტწილად ისევ დამოკიდებული იქნება ნავთობის ფასზე. აქედან გამომდინარე, ექსპერტებს ზუსტი პროგნოზის გაკეთება უჭირთ.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი ეკონომიკური ზრდის შემცირებას წელსაც ვარაუდობს, თუმცა ეს არ არის ისეთი კრიტიკული მონაცემი, რომელიც რუსეთს სერიოზულ დარტყმას მიაყენებს. ექსპერტების თქმით მდგომარეობა საგანგაშო იქნება მაშინ, თუ ეს ტენდენცია რამდენიმე წელი შენარჩუნდება.

დღის ამბები