20 ნოემბერი 2024,   05:26
ვრცლად
„მედიასაშუალებებთან მიმართებით საერთო სასამართლო უნდა იყოს ფრთხილი," - პარლამენტის წარმომადგენელი საკონსტიტუციო სასამართლოში საუბრობს

რამდენიმესაათიანი მოსმენისა და შესვენების შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლეებმა რუსთავი 2-ის საქმის განხილვა განაახლეს. მათ უკვე მოისმინეს მხარეების - რუსთავი 2-ისა და TV საქართველოს, ასევე პარლამენტის პოზიციები. მოსამართლეებმა მათ დამაზუსტებელი კითხვებიც დაუსვეს.  

რუსთავი 2-ისა და TV  საქართველოს იურისტები დიდი ხანი ცდილობდნენ მოსამართლეების დარწმუნებას იმაში, რომ მათ მიერ გასაჩივრებული ნორმები არის არაკონსტიტუციური. დიმიტრი საძაგლიშვილს მიაჩნია, რომ აღნიშნული ნორმები არ არის განჭვრეტადი, ანუ მხარეს წინასწარ არ შეუძლია განსაზღვროს რა ნორმას გამოიყენებს მოსამართლე.

მაგალითისთვის საძაგლიშვილმა გაიხსენა ფაქტი, როდესაც რუსთავი 2-ს როგორც კომპანიას უკვე ყადაღა ჰქონდა დადებული, ასევე გატარებული იყო სხვა ღონისძიებები, მოსმართლემ კი დამატებითი ღონისძიება გამოიყენა და დანიშნა კომპანიაში მმართველები.

რადიკალურად განსხვავებული იყო მოპასუხე მხარის პოზიცია. თამარ მესხიას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული ნორმები არ უნდა იქნეს არაკონსტიტუციურად ცნობილი, რადგან მისი აზრით სწორედ ისინი აძლევს მოსამართლეს გადაწყვეტილების თავისუფლად მიღების საშუალებას. მოსამართლეებს პარლამენტის წარმომადგენლისგან აინტერესებდათ რა შემთხვევაში უნდა განიხილოს მოსამართლემ უზრუნველყოფის ღონისძიებების საკითხი ზეპირი მოსმენით და უნდა ჰქონდეს თუ არა მნიშვნელობა რა საკითხს განიხილავს ის, ანუ უნდა მიენიჭოს თუ არა გარკვეული პრიორიტეტი მედიის საკითხების განხილვას.

„მედიასაშუალებებთან მიმართებით საერთო სასამართლო უნდა იყოს ფრთხილი, მაგრამ თვითონ პარლამენტი ვერ გამორიცხავს მათ ამ სუბიექტთა სიიდან იმდენად, რამდენადაც როგორც მედიასაშუალებები, ისე სხვები, შეიძლება დადგნენ იმ საჭიროების წინაშე, რასაც ეწოდება დაუყოვნებელი აღსრულება,“-აცხადებს თამარ მესხია. 

ავტორი:ნათია ტრაპაიძე

დღის ამბები