რუსთავი 2–ის და tv საქართველოს სარჩელის არსებითი განხილვა დასრულებულია. საკონსტიტუციო სასამართლომ დღეს მოსარჩელე და მოპასუხე მხარეების პოზიციები მოისმინა, რის შემდეგაც პროცესზე დასაზუსტებელი კითხვებიც დაისვა. სამაუწყებლო კომპანია იმ ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს, რომელიც დაუყოვნებლივ აღსრულებას და დროებითი მმართველების დანიშვნას ითვალისწინებს.
მოსამართლეები დღეს დაინტერესდნენ, თუ რამდენად ზღუდავს აღნიშნული ნორმები მედიის თავისუფლებას. სწორედ ამ ნორმების საფუძველზე რამდენიმე თვის წინ თამაზ ურთმელიძემ რუსთავი 2-ში დროებითი მმრათველები დანიშნა. ამ ეტაპზე კანონის მოქმედება შეჩერებულია, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოზეა. 24 თებერვალს კოლეგია მხარეთა დასკვნით სიტყვებს მოისმენს.
საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი პალატა დღეს მხარეთა პოზიციებს 8 საათის განმავლობაში ისმენდა. ტელეკომპანია რუსთავი 2-ის იურისტი დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა მოსამართლეები საკუთარი პოზიციის სისწორეში დაერწმუნებინა. ადვოკატი მიიჩნევს, რომ პროცესი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას.
„ნორმები პირდაპირ არღვევს გამოხატვის თავისუფლებას და მედიის თავისუფლებას. გამომდინარე იქიდან, რომ სწორედ ამ ნორმების საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით, პირდაპირ განისაზღვრა ცენზურის განხორციელება და სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის უფლებამოსილება მიენიჭა დროებით მმართველს, რის შესაძლებლობასაც სწორედ ჩვენს მიერ გსაჩივრებული ნორმა იძლევა,“-განაცხადა რუსთავი 2-ის ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა.
ამ პოზიციას არ ეთანხმება მოპასუხე მხარე-პარლამენტი. მათ მიჩნიათ, რომ მოსამართლეებს ხშირ შემთხვევაში ინდივიდუალური გადაწყვეტილების მისაღებად სჭირდებათ ამგვარი თავისუფლება.
„რადგან სამაუწყებლო კომპანიაზეა არის საუბარი, მხოლოდ ამაზე აპელირება არ შეიძლება და რუსთავი-2, ისევე როგორც სხვა ნებისმიერი მოგებაზე ორიენტირებული საწარმო, ისევე როგორც სამეწარმეო სამართლით გათვალისწინებული უნდა გავითვალისწინოთ და მხოლოდ ამ კუთხით უნდა მოხდეს მათი შეფასება. მათ მმართველობაში დროებითი მმართველის შესვლის შეფასება და გამოხატვის თავისუფლებასთან მხოლოდ ირიბი შემხებლობა შეიძლება ჰქონდეს,“-განაცხადა საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელმა თამარ მესხიამ.
ავტორი: ნათია ტრაპაიძე