08 ოქტომბერი 2024,   09:30
ვრცლად
პოლიტიკური კრიზისი უკრაინაში - კიევში რევოლუციის ორწლისთავს ზეიმობენ

რუსეთისგან თავისუფლებამოპოვებულ უკრაინაში რევოლუციის ორწლისთავს ზეიმობენ. თუმცა, იმ იდეალებს, რომლისთვისაც ადამიანები ცეცხლისა და ტყვიების წინაშე 92 დღის განმავლობაში იდგნენ, პოლიტიკურ კულუარებში მიმდინარე დაპირისპირება ჩრდილავს.

უკრაინელი ექსპერტების შეფასებით, პროცესები, რომელიც ამ ეტაპზე საკანონმდებლო ორგანოსა და მთავრობაში მიმდინარეობს, პოლიტიკურ კრიზისს ნიშნავს. ქვეყნის პრემიერმა, ვიქტორ იაცენუკმა, თანამდებობიდან წასვლაზე უარი თქვა. პოსტი გენერალურმა პროკურორმა, ვიქტორ შოკინმა, დატოვა. პროკურორის განცხადება რადამ უნდა დააკმაყოფილოს, სადაც უმრავლესობა დაიშალა.

პარალელურად ცნობილი ხდება, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრე პოროშენკომ და პარტია ბატკივშჩინას ლიდერმა, იულია ტიმოშენკომ, მოლაპარაკებები გამართეს. სავარაუდოდ, მათ პარლამენტში კოალიციის მომავალი განიხილეს.

ტიმოშენკო დეპუტატებს პრემიერ-მინისტრის გადადგომის შესახებ კიდევ ერთ კენჭისყრას სთავაზობს. თუ მთავრობის გადაყენება ვერ მოხერხდა, ბატკავშინას ლიდერი საპარლამენტო კრიზისის ინიციატივით გამოდის. იმ შემთხვევაში კი, თუ 30 დღეში ახალი კოალიცია არ შეიქმნება, პრეზიდენტს უფლება ექნება, პარლამენტი დაშალოს, რაც რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს გამოიწვევს.

პრემიერ-მინისტრი არსენ იაცენუკი არსებულ პოლიტიკურ კრიზისს "შეგნებულად პროვოცირებულს" უწოდებს და მოლაპარაკებების დაწყებას ახალი კოალიციის შექმნასთან დაკავშირებით აპირებს.

უკრაინის მთავრობაში მიმდინარე პროცესები და პრეზიდენტ პოროშენკოს მოწოდება პრემიერის გადადგომის შესახებ შეაფასა ოდესის გუბერნატორმაც.

მიხეილ სააკაშვილი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე წერს, რომ უმაღლესმა რადამ, რაც შეიძლება მალე, უნდა დაითხოვოს მთავრობა. ის თვლის, რომ იაცენუკის კაბინეტში გაჩერება ყოველდღიურად დაამძიმებს ეკონომიკასა და ზოგადად ქვეყნის მომავალს.

 

 

ავტორი: ეკა გაგუა

დღის ამბები