შინაგან საქმეთა სამინისტრო ლაგოდეხის რაიონში დაკავებულების შესახებ განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითად, პოლიციელების მიმართ ჩადენილი წინააღმდეგობის, მუქარის და ძალადობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარის დეტალებს გავრცელებულ განცხადებაში განმარტავს.
"პოლიციაში შესული შეტყობინების მიღებისთანავე, სამართალდამცველები შემთხვევის ადგილზე გავიდნენ, სადაც, წინასწარი ინფორმაციით, ხე-ტყე უკანონოდ იჭრებოდა. მითითებულ ადგილზე მისვლამდე, პოლიციელებმა ლაგოდეხის რაიონის სოფელ ფოდაანში, ტყის მასივის მიმდებარე ტერიტორიაზე, საეჭვოდ მოძრავი „ფორდ-ტრანზიტის“ მარკის მიკროავტობუსი შენიშნეს.
"სამართალდამცველებმა ავტომანქანა გადამოწმების მიზნით გააჩერეს, რა დროსაც მიკროავტობუსის მძღოლმა, შენგელი ტ-მ, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, პოლიციელებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
"შენგელი ტ-ს დაკავების მომენტში, ინციდენტში ჩაერთვნენ იმავე ტერიტორიაზე მყოფი მურმან გ., და ომარ ბ. თანმხლებ პირებთან ერთად. მათ შენგელი ტ-სთან ერთად, პოლიციის სამ თანამშრომელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალეს. სამართალდამცველებმა შენგელი ტ. შემთხვევის ადგილზევე დააკავეს, ხოლო მურმან გ-მ და ომარ ბ-მ მიმალვა შეძლეს. ისინი პოლიციამ მომხდარიდან მეორე დღეს დააკავა,"- აღნიშნულია განცხადებაში.
შს სამინისტროს ცნობით, ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ინციდენტის დროს სამივე ბრალდებული ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.