20 ნოემბერი 2024,   06:25
ვრცლად
„ტყიბულის დამარცხება ყოველი ჩვენგანის დამარცხებაა“, - ტყიბულელი მეშახტეები საზოგადოებას მიმართავენ

ტყიბულის მეშახტეთა საგაფიცვო კომიტეტმა განცხადება გაავეცელა. მათ საზოგადოებას მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.

უკვე მეჩვიდმეტე დღეა, გაფიცვა გრძელდება. კომპანია კვლავ არ მიდის დათმობაზე. მეტიც, ის გვემუქრება შახტის გარკვეული უბნების კონსერვაციით, სახელმწიფო კი კვლავ ვერ დგამს ქმედით ნაბიჯებს სიტუაციის გამოსასწორებლად. გაძლიერდა ზეწოლა როგორც მეშახტეებზე, ისე ქალაქის მოსახლეობის იმ ნაწილზე, რომელიც აქტიურად უჭერს მხარს გაფიცულებს.

მივმართავთ ჭიათურას, ზესტაფონს, ქსანს, რუსთავს, სხვა ინდუსტრიულ ქალაქებს და მთელ საქართველოს. ახლა, როგორც არასდროს, საჭიროა მეშახტეების გვერდით დგომა. უმორჩილესად გთხოვთ, რეგულარულად გააკეთოთ გაფიცვის მონაწილეთა მოთხოვნების მხარდამჭერი განცხადებები, გამართოთ სოლიდარობის აქციები თქვენს ქალაქებში. ჩვენ, ტყიბულის მეშახტეთა საგაფიცვო კომიტეტი და მთლიანად, გაფიცული მეშახტეები არ ვაპირებთ უკან დახევას“, - აღნიშნულია განცხადებაში.

საგაფიცვო კომიტეტის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ თუ მთავრობას არ სურს სოციალური აფეთქება, მათ რეალური და ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგან, რაც ორიენტირებული იქნება მეშახტეების მოტხოვნებზე და არა ბიზნესის ინტერესებზე.

„ტყიბულელების ბრძოლა არ დაწყებულა რომელიმე კონკრეტული ჯგუფის თუ პოლიტიკური ძალის მიერ, მათ შორის, არც პროფკავშირების მიერ. ეს ბრძოლა ამოიზარდა პატიოსანი მშრომელი ხალხის შუაგულიდან, მონური პირობებიდან განთავისუფლებისა და ღირსეული ცხოვრების იმედის საფუძველზე. ეს ხალხის მოძრაობაა და ჩვენ არავის მივცემთ ამ პროცესების გამოყენების უფლებას პარტიული მანიპულაციებისათვის. შეგახსენებთ, რომ ბრძოლა ტყიბულისთვის, ნიშნავს ბრძოლას დანარჩენი საქართველოსთვის, ჩვენი საერთო მომავლისათვის. ამ ბრძოლით დღეს წყდება იმ ქალაქების ბედი, რომლებიც მშრომელი ხალხის ზურგზე დგას.

ტყიბულის დამარცხება ყოველი ჩვენგანის დამარცხებაა, გამარჯვება კი მხოლოდ ერთობლივი ბრძოლით მიიღწევა. ტყიბულის მეშახტეთა საგაფიცვო კომიტეტი ვაცხადებთ, რომ ვდგავართ ისტორიული ფრონტის წინა ხაზზე ღირსებისთვის და სამართლიანობისთვის ბრძოლაში. ჩვენ ვიბრძვით ნორმად ქცეული ჩაგვრის წინააღმდეგ, რაც ჩვენი და ჩვენი თანაქალაქელების ყოველდღიურობაა. ამით, ჩვენ ვამარცხებთ მოჩვენებით სიმშვიდეს, რომელიც მეშახტეთა ხმამ დაარღვია, რადგან სიმშვიდე არ მიიღწევა იქამდე, სანამ არ დამყარდება სამართლიანობა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

დღის ამბები