ევროპული კომისიამ რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ (ECRI) საქართველოსთან დაკავშირებით მეოთხე ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში საუბარია რელიგიური უმცირესობებისა და ლგბტ თემის მიმართ დისკრიმინაციული დამოკიდებულების ზრდაზე.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ სიძულვილის ენა ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების მიმართ, ასევე ლგბტ პირების წინააღმდეგ, კვლავ ფართოდ გავრცელებული პრობლემაა საქართველოში. ამ ჯგუფებზე ფიზიკური თავდასხმები შემაშფოთებელი სიხშირით ხდება. მუსლიმთა და იეღოვას მოწმეების რელიგიის თავისუფლება არაერთხელ შეიბღალა ადგილობრივთა ძალადობრივი პროტესტით. ასევე ქართულ საზოგადოებაში არის ზოგადად ჰომო და ტრანსფობიური კლიმატი, ლგბტ ჯგუფებს ხშირად დასხმიან თავს. განსაკუთრებით აღსანიშნავია ჰომოფობიისა და ტრანსფობიის საერთაშორისო დღეს გამართული საჯარო ღონისძიება.
აქვე საუბარია ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე და აღნიშნულია, რომ მისი მცდელობა არ არის საკმარისი.
"საქართველოს ხელისუფლების პასუხები ამ ინციდენტებზე არ შეიძლება ჩაითვალოს ადეკვატურად. ხელისუფლების ორგანოები ყოველთვის საკმარისად არ იძიებენ და სამართლებრივად არ დევნიან სიძულვილით ჩადენილ დანაშაულს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლი დამამძიმებელ გარემოებათა შესახებ ძალიან იშვიათად გამოიყენება და ერთი შემთხვევაც არ ყოფილა, რომ იგი გამოეყენებინათ სექსუალური ორიენტაციასა ან გენდერულ იდენტობასთან მიმართებით", - აღნიშნულია ანგარიშში.
ევროპული კომისია მიესალმება ისეთ პოზიტიური ცვლილებებს, როგორიცაა სისხლის სამართლის კოდექსში რასისტული გამონათქვამების დამამძიმებელ გარემოებად დაფიქსირება, ასევე 2014 წელს მიღებული კანონი ყველა სახის დისკრიმინაციის შესახებ. ასევე პოზიტიურად არის შეფასებული ეროვნული სტრატეგია ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ და ფოკუსი რელიგიური თავისუფლებისა და უმცირესობების დაცვის კუთხით.
თუმცა ECRI იძლევა რეკომენდაციას, რომ მთავრობამ სისხლის სამართლის დანაშაულად მკაფიოდ გამოაცხადოს რასობრივი შეურაცხყოფა, საჯარაო გამოსვლა რასიზმის, ან რასობრივი იდეოლოგიის ნიშნით, რომელიც აღიარებს რასობრივ უპირატესობას, რასიზმის ნიშნის მატარებელი გენოციდის, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის, ან ომის დროს ჩადენილ დანაშაულთა საჯარო უარყოფა, რასობრივი დიკსრიმინაციის გამოვლინება სახელმწიფო მოხელეთა მიერ მათი საქმიანობის განსახორციელებლად.
ანგარიშის მიხედვით, 2014 წლის თებერვლიდან მაისამდე განხორციელებული პოლიტიკურ გამოსვლათა მონიტორინგის პროექტმა აჩვენა, რომ ყველა მთავარი პოლიტიკური პარტიის წევრები მიმართავდნენ სიძულვილის ენას. თურქების მიმართ სიძულვილის ენის გამოყენების ცხრა შემთხვევა დაფიქსირდა - მათ, უმთავრესად, მოიხსენიებდნენ ეკონომიკური სირთულეების მიზეზად და „დამპყრობლებად". ასევე ექვსი შემთხვევა გამოვლინდა ეთნიკურ უმცირესობათა მიმართ.
„ზოგიერთმა მაღალი რანგის პოლიტიკოსმა არატოლერანტული კომენტარი გააკეთა. გამოითქვა ბრალდებები იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის მიმართ, რომელმაც ქსენოფობიური კონოტაციით ისაუბრა ირანის, ერაყისა და ეგვიპტის მოქალაქეებზე. თუმცა, საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ ეს გახლდათ მისი სიტყვების არასწორი ინტერპრეტაცია“, - ვკითხულობთ ანგარიშში.
დოკუმენტში ასევე საუბარია ხელისუფლების მიერ ჰომოფობიური და რასისტული განწყობების მედიის დაფინანსებაზე.
მედიის განვითარების ფონდის მოპოვებული ინფორმაციით, 2013-14 წლებში ობიექტივმა მიიღო, სულ მცირე, 25 ათასი აშშ დოლარი, ხოლო გაზეთებმა „ალიამ“ და „კვირის პალიტრამ“ ერთად დაახლოებით 20 ათასი აშშ დოლარამდე სამინისტროებისა და სახელმწიფო სტრუქტურებისაგან სარეკლამო კონტრაქტებისა და სხვა ხელშეკრულებათა სახით.
ევროპული კომისია რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ იძლევა რეკომენდაციას, რომ ხელისუფლებამ გადახედოს მის კონტრაქტებს მედია საშუალებებთან და გააუქმოს, ან აღარ განაახლოს ისინი, თუ მედია შეიმჩნევა რასისტულ ან ჰომო/ტრანსფობიულ სიძულვილის ენის გამოვლენაში. ხელისუფლებამ ასევე უნდა უზრუნველყოს, რომ მომავალი კონტრაქტები შეიცავდნენ დათქმას კონტრაქტის გაუქმების შესახებ, თუკი მედიაში გამოვლინდება რასისტული ან ჰომო/ტრანსფობიური სიძულვილის ენა.
ევროპული კომისია რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ იძლევა რეკომენდაციას, სრულად და დამოუკიდებლად გამოიძიონ ისლამოფობიის შემთხვევები, განსაკუთრებით კი ჭელას, ქობულეთისა და მოხეს ინციდენტები, სიძულვილით ჩადენილ სხვა დანაშაულებთან ერთად, და სამართალდამრღვევთა მიმართ დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა. რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპული კომისიის დამატებითი რეკომენდაციით, სამომავლოდ ხელისუფლებამ უნდა დაიცვას რელიგიურ და სხვა უმცირესობათა უფლებები ძალადობრივი საპროტესტო აქციის მონაწილეთაგან.