ქართველმა მუსლიმებმა გამაფრთხილებელი აქცია გამართეს აჭარის მთავრობის შენობასთან.
პარასკევის ტრადიციული ლოცვის შემდეგ, მორწმუნეთა ნაწილმა ხელისუფლებისგან სამი საკითხის გადაჭრა მოითხოვა-ბათუმში ახალი მეჩეთისთვის ტერიტორიის გამოყოფა, ადიგენში მომხდარი ინციდენტის მონაწილეთა დასჯა და ქობულეთში მუსლიმური პანსიონის გახსნა.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ უკვე წლებია ხელისუფლება დაგროვილი პრობლემების გადაჭრას არ ჩქარობს და თუ ამ შემთხვევაშიც კონკრეტულ პასუხებს ვერ მიიღებენ, პროტესტი უფრო მასშტაბურ ხასიათს მიიღებს.
აქციას არ ესწრებოდა საქართველოს მუფთი ბეგლარ ქამაშიძე. მისი განცხადებით, პროტესტის შესახებ ის ინფორმირებული არ იყო. იგი ვერც აქციის ჩატარების საჭიროებას ხედავს, რადგან მუფთი მიიჩნევს, რომ პრობლემატურ საკითხებზე გამოძიება უკვე მიმდინარეობს, ხელისუფლებისთვის ასევე ცნობილია ახალი მეჩეთის აგების თაობაზე მუსლიმთა მოთხოვნები. აქციას აჭარის მთავრობის მხრიდან დღეს გამოხმაურება არ მოჰყოლია.