500 მილიონ კუბურ მეტრ დამატებით ბუნებრივ აირს საქართველო აზერბაიჯანისგან უახლოეს პერიოდში შაჰდენიზის მილსადენიდან მიიღებს.
ენერგეტიკის მინისტრის ინფორმაციით, socar საქართველოს სოციალურ გაზსაც გაუიაფებს, თუმცა სამომხმარებლო ტარიფზე ეს არ აისახება. ათას კუბამეტრზე 35-დან 40 დოლარამდე ნაკლებს მოითხოვს აზერბაიჯანი საქართველოში გაზგასამართი სადგურებისთვის განკუთვნილი ბუნებრივი აირისთვისაც.
კომპანია socar-სა და საქართველოს მთავრობას შორის შეთანხმებას ხელი დღეს socar-ის პრეზიდენტმა მთავრობის ადმინისტრაციაში მოაწერა.
შეთანხმების შედეგად, ქართული მხარე ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობის არც გაზპრომისგან და არც ირანისგან შეძენას აღარ გეგმავს, თუმცა რუსულ კომპანიასთან მოლაპარაკება ჯერჯერობით დასრულებული არ არის და ტრანზიტის საფასურის, 10 პროცენტის შესახებ შეთავაზება ისევ ძალაშია.
ოპოზიციურ პარტიაში საქართველოს მთავრობა, socar-თან მოლაპარაკების პროცესის შეგნებულად გაჭიანურებაში დაადანაშაულეს.
ავტორი: ანა წერეთელი.