20 ნოემბერი 2024,   04:35
ვრცლად
"რუსთავი 2"-ის საგანგებო განცხადება

რუსთავი 2 საგანგებო განცხადებას ავრცელებს:

"ის რაც დღეს მოხდა ყველას გვეხება. ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ერთად გამოვთქვათ ჩვენი პროტესტი. არც ერთი ჩვენგანი არ არის დაზღვეული, რომ ხვალ მისი პირადი ცხოვრება გახდება საჯარო. ის რაც ხშირ შემთვევაში მუქარა იყო, დღეს სისრულეში მოიყვანეს. მიუხედავად იმისა, რომ უკვე რამდენიემე საათია გასული, რაც პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერები გავრცელდა სოციალურ ქსელში, სამართალდამცველებისგან მხოლოდ ის ვიცით, რომ დაწყებულია გამოძიება და ბლოკირებულია ვიდეოჩანაწერი.

ჯერ-ჯერობით ყველა ასეთი ფაქტი, რომელიც საჯარო პროტესტის მიზეზი გახდა გამოუძიებელია და შესაბამისად არც ამ შემთხვევაში ვართ დარწმუნებული, რომ ვიდეოს გამავრცელებელი გამოვლინდება და დაისჯება. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საზოგადოება სამართალდამცველებისგან დაუყოვნებლივ რეაგირებას ითხოვს, თუმცა არც ერთ მოთხოვნას შედეგი არ მოყოლია.

ერთადერთი რეაგირება რაც გვახსენდება, იყო შს მინისტრის მოადგილის სამსახურიდან გათავისუფლება, თუმცა ჩვენ მაშინაც ვაცხადებდით, რომ ეს არ იყო ადექვატური სასჯელი და შემდგომმა მოვლენებმა ეს დაადასტურა. ასევე ხელისუფლებას გვინდა შევახსენოთ ვლადიმერ ბედუკაძე, ციხის სასტიკი კადრების ავტორი, რომელიც მთავარი პროკურორის წყალობით სრულად გათავისუფლდა პასუხისმგებლობისგან. დღეს ის თავს ჩვენს კოლეგას უწოდებს და მეტიც, მწამებელი დღეს უფელაბადმცველის სტატუსითაც სარგებლობს.

ასევე შეგახსენებთ ხელისუფლების იმ მაღალჩინოსნებს, რომლებიც დღემდე მაღალ თანამდებობებზე რჩებიან და რომლებიც უშუალოდ იყვნენ წამების ამსახველი კადრების საჯარო ჩვენებების ორგანიზატორები. რაც შეეხება წამებაში ბრალდებულებს, დღემდე გაურკვეველია რის საფუძველზე მოხდა მათი ნაწილის გათავისუფლება და ზოგ შემთხვევაში საპროცესო შეთანხმების გაფორმება.

დღემდე არ ვიცით რა ეტაპზეა გამოძიება რუსთავი 2–ში დამონტაჟებული უკანონო თვალთვალის აპარატურის შესახებ. არ გვაქვს პასუხი კითხვაზე, რა დამსახურებისთვის მოხვდნენ ის პირები, ვინც შესაძლოა უშალოდ მონაწილეობდნენ კამერების დამონტაჟებაში, ძალოვანი სტრუქტურების მაღალ თანამდებობებზე. ასევე რა რეაგირება მოყვა ნიკა გვარამიას განცხადებას, რომელსაც ასევე პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გავრცელებით ემუქრებოდნენ.

საზოგადოებისთვის დღემდე უცნობია ვინ უთვალთვალებდა ჩვენს კოლეგას ეკა მიშველაძეს. ეს სია საკმაოდ ვრცელია, რაც გვაფიქრებინებს, რომ გახმაურებული ფაქტების გარდა არის სხვა შემთხვევებიც, რომლებიც შესაძელოა ასევე გასაჯაროვდეს. კომპრომატებით და ადამიანის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით მანიპულირება ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს და ეს არ უნდა გახდეს პოლიტიკური შანტაჟის იარაღი.

ამიტომ ჩვენ მივმართავთ სამართალდამცველებს, რომ გამოძიების პროცესში ჩართული იყვნენ მედიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, რათა არ დარჩეს კითხვები კიდევ ერთ სკანდალურ საქმესთან დაკავშირებით. ასევე მოვითხოვთ ყველა იმ ცნობილ საქმეზე, რომელიც პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელებას უკავშირდება, საზოგადოებას მიაწოდონ ინფორმაცია თუ რა ეტაპზეა გამოძიება. უმკაცრესად უნდა დაისაჯოს ყველა ის პირი ვინც იღებდა და შემდეგ ავრცელებდა ამ შინაარსის კადრებს. 

ვგმობთ იმ მედიასაშუალებების ქმედებებს, რომლებმაც სხვადასხვა საბაბით ხელი შეუწყვეს პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის ტირაჟირებას და ვწყვეტთ მათან საქმიან ურთიერთობას. დღეიდან ჩვენ აღარ დავეყრდნობით სააგენტო IPN-ის მიერ გავრცელებულ არც ერთ ინფორმაციას, რადგან სააგენტომ უგულებელყო როგორც ჟურნალისტური ეთიკის, ასევე ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის პრინციპები.

ასევე სრულ მხადრაჭრას ვუცხადებთ სააგენტოს ყველა იმ ჟურნალისტსა და თანამშრომელს, რომელმაც ამ ფაქტის შემდეგ სამსახურის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. რაც შეეხება მიმდინარე გამოძიებას - ჩვენ ვფიქრობთ, უკვე საკმარისი დრო გავიდა იმისთვის, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში გამოძიებამ უფრო მეტი სიცხადე შეიტანოს საქმეში, რა თქმა უნდა თუ ამის ნება არსებობს. ფაქტია, რომ დღეს მორიგი მცდელობა იყო პანდორას ყუთის გახსნის, რომელსაც შესაძლოა უკიდიურესად სავალალო შედეგები მოყვეს მთლიანად ქვეყნისთვის - ამიტომ მოვუწოდებთ საზოგადოებას, რომ ერთიანი ძალებით აღვუდგეთ ამ სამარცხვინო ქმედებებს და არავის მივცეთ საშუალება ბინძური გეგმები სისრულეში მოიყვანოს."

დღის ამბები