პრემიერ-მინისტრის დავალებით განათლების მინისტრი, თამარ სანიკიძე, ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყველა მხარის პოზიციები მოისმინა და მათ საკუთარ მოქმედებებზე პასუხისმგებლობის აღება მოსთხოვა.
მინისტრი სანიკიძე ამბობს, რომ უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ ვითარების განმუხტვა ვერ შეძლო.
„ორივე მხარემ უნდა შევაჯეროთ, დღეს რა არის პრობლემა და კარგი იქნება, თუ დღესვე გადავწყვეტთ, რას ვაკეთებთ იმიტომ, რომ ასე გაგრძელება ნამდვილად არ შეიძლება. თავისი ავტონომიის ფარგლებში გამომდინარე იქიდან, თუ რა პროცესები წავიდა. უნივერსიტეტმა ვერ უზრუნველყო ელემენტარულად უსაფრთხოებასაც კი,“ - აცხადებს თამარ სანიკიძე.
უნივერსიტეტის რექტორი, ლადო პაპავა, კი მიესალმება პრემიერის განცხადებას და ვითარების განმუხტვის აუცილებლობაზე საუბრობს.
თვითმართველობის წარმომადგენლები უნივერსიტეტის რექტორს კომპრომისზე წასვლას ურჩევენ. როგორც ისინი კურიერთან აცხადებენ, თუ ლადო პაპავა თანამდებობიდან გადადგება, საპასუხოდ ისინი მზად არიან, ნაადრევად გამოაცხადონ სტუდენტური თვითმართველობის არჩევნები.
რაც შეეხებათ სტუდენტური პროტესტის მონაწილეებს, ისინი პრემიერის განცხადებას უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, მოწოდებების ადრესატად აუდიტორია #115-ის წევრები საკუთარ თავს არ მიიჩნევენ.