20 ნოემბერი 2024,   04:25
ვრცლად
თვითმმართველობის ულტიმატუმი და აუდიტორია 115-ის მიმართვა ხელისუფლებას

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორისთვის მიცემული ულტიმატუმის ვადა თვითმმართველობის წევერებმა 23:00 საათამდე გადაწიეს. ისინი მხარდამჭერებთან ერთად შემდგომ ნაბიჯებს ათანხმებენ. მათი მოთხოვნა კი უცვლელია-გადადგეს ვლადიმერ პაპავა. ამ დროისთვის მათ მეორე კორპუსში გადაინაცვლეს. 115-ე აუდიტორიაში რჩება სტუდენტთა მეორე ჯგუფი, რომლის წევრებმაც მათი უსაფრთხოების დაცვა ცოტა ხნის წინ პრემიერსა და შს მინისტრს სთხოვეს.

აუდიტორია 115-ის წარმომადგენლები ამბობენ, რომ თვითმმართველობის წარმომადგენლები აკეთებენ გარკვეულ მოწოდებებს და შესაძლებელია მოხდეს შეჭრა უნივერსიტეტის პირველ კორპუსში. 

„ემზადებიან დღევანდელი შტურმისთვის, გამიზნულად აწვდიან სტუდენტური თვითმმართველობების წარმომადგენლებს ინფორმაციას, თითქოსდა ჩვენ გვინდა სტუდენტური თვითმმართველობის სრულიად გაუქმება, სინამდვილეში ჩვენ ვითხოვთ რეფორმირებას. ამის პარალელურად ისინი აწვდიან სტუდენტური თვითმმართველობების წევრებს ინფორმაციას, რომ მათ აქვთ ე.წ. მწვანე შუქი ანთებული სამართალდამცავების მხრიდან,“-განაცხადეს სტუდენტებმა.

თსუ-ს სტუდენტური მოძრაობა „აუდიტორია 115-ის" წარმომადგენლის ლევან ლორთქიფანიძის თქმით, არსებობს პროვოკაციების გარკევული რისკი, სწორედ ამიტომ აუცილებელია გარანტიები ხელისუფლებისგან, რომ იქნება სტუდენტების უსაფრთხოება დაცული.

მოთხოვნებს არ ცვლიან უნივერსიტეტის თვითმმართველობის წევრები. ისინი  აკადემიურ საბჭოს კიდევ ერთხელ მოუწოდებენ დაიწყოს რექტორის იმპიჩმენტის პროცედურა.

„თვითმმართველობა მთლიანად იღებს პასუხისმგებლობას იმაზე, რომ არანაირ შეჭრას არსად არ აპირებს. თვითმმართველობის წევრები და საერთოდ აქ მყოფი ადამიანები არიან მშვიდობიანი აქტივისტები,“-განაცხადა ტატო ირემაძემ.

პროფესორ-მასწავლებლები ორ დაპირისპირებულ სტუდენტურ ჯგუფს დიალოგისკენ მოუწოდებენ. 

დღის ამბები