კუდის ყოფილი მაღალჩინოსანი გიორგი დგებუაძე იგივე მასტერა თბილისში ჩამოიყვანეს. მისი ექსტრადირება ჰოლანდიიდან გვიან ღამით მოხდა.
საქართველოს პროკურატურამ მოთხოვნა ჰოლანდიაში დგებუაძის საქართველოში გადმოყვანასთან დაკავშირებით თითქმის 2 წლის წინ გაგზავნა, თუმცა ნიდერლანდელმა სამართალდამცველებმა ის მხოლოდ რამდენიმე დღის წინ დააკმაყოფილეს. მასტერას ჩამოყვანის კადრები კურიერის კამერამ დააფიქსირა.
მასტერა პენიტენციურ დაწესებულებაში მოათავსეს, რადგან თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღმკვეთი ღონისძიების სახით მას პატიმრობა დაუსწრებლად ჰქონდა შეფარდებული.
გიორგი დგებუაძე ჰოლანდიაში საქართველოს პროკურატურის მოთხოვნით 2014 წლის ივნისში დააკავეს. მას ბრალი სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთაში ედება.
შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უსაფრთხოებისა და განსაკუთრებულ დავალებათა მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი ძებნაში 2013 წლის 7 მარტიდან იმყოფებოდა.
47 წლის გიორგი დგებუაძე საქართველოდან წლების წინ წავიდა, მის დასაკავებლად კი პროკურატურამ 2013 წელსვე ინტერპოლს მიმართა.
გამოძიება დგებუაძეს ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეშიც ადანაშაულებს, თუმცა ამ საქმეზე ბრალი ოფიციალურად წარდგენილი არ აქვს.