თბილისში 10-მდე საბავშვო ბაღი დილიდან პარალიზებულია. მუშაობა შეწყვიტეს მასწავლებლებმა, ბაღებში ბავშვების მიყვანაზე უარს ამბობენ მშობლებიც. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რას რამდენიმე საბავშვო ბაღის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
პედაგოგების და მშობლების განცხადებით, თუ არ შეიცვალა გადაწყვეტილება, შესაძლოა საპროტესტო აქციები გამართონ.
მე-2 საბავშვო ბაღის უკვე ყოფილმა დირექტორმა ცოტა ხნის წინ განცხადება გააკეთა. ანი გეგია იხსენებს ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელთან დაახლოებით ერთი კვირის წინ გამართულ შეხვედრას, რა დროსაც, მისი თქმით, წაუყენეს ულტიმატუმი, გაეთავისუფლებინა მისი მოადგილე, წინააღმდეგ შემთხვევაში თანამდებობის დატოვება მოუწევდა.
ასევე პარალიზებულია პროცესი 90-ე ბაღში. ანალოგიური ვითარებაა ასევე, თბილისის მე-6, 83-ე, ასევე 92-ე საბავშვო ბაღში, სადაც მოვალეობას ასრულებს ერთ-ერთი მოადგილე.
რამდენიმე დღეში მოხდა 20-მდე საკადრო გადაწყვეტილების მიღება - ერთმანეთის მიყოლებით თბილისის ბაღების დირექტორები თანამდებობებიდან ერთი და იგივე მიზეზით გაათავისუფლეს.
მერიის განმარტებით, სკოლამდელ დაწესებულებებში შიდა აუდიტის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად ფინანსების არასწორი ხარჯვა დაადგინეს.
დირექტორებისთვის გადაყენების ოფიციალური მიზეზი მიუღებელია. გათავისუფლებული დირექტორები, პედაგოგები და მშობლები გეგმავენ ბაღების სააგენტოს შენობასთან მისვლას და პროტესტის ადგილზე დაფიქსირებას.