20 ნოემბერი 2024,   02:29
ვრცლად
"არანაირი დაპირება, რომ საქართველოს მოქალაქეს არ ექნება გადასახდელი კომუნალური გადასახადი, არ ყოფილა", - სოზარ სუბარი

წეროვანის დევნილთა დასახლებაში მცხოვრები ოჯახების საპროტეტო აქციას ხელისუფლების წარმომადგენლები გამოეხმაურნენ.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის თქმით, დაპირება არ ყოფილა, რომ დევნილები კომუნალური გადასახადებისგან განთავისუფლდებოდნენ.

"არანაირი დაპირება, რომ საქართველოს რომელიმე მოსახლეს, მოქალაქეს არ ექნება გადასახდელი დენის გაზის და წყლის გადასახადი, ასეთი არ ყოფილა. ეგეთი დაპირება არ არსებობს. დაპირება იყო, რომ დაგროვილი გადასახადი იქნებოდა გადახდილი ერთჯერადად. გავაკეთეთ განვადება და 15 ლარს იხდიან თვეში. ასეულობით სხვა დევნილი იქნება დაჩაგრული იმის გამო, რომ სახელმწიფო ვიღაცას უხდის და ვიღაცას არ უხდის, ასე რომ, ამ მხრივ რამე ვერ შეიცვლება“, - განაცხადა სუბარმა.  

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ მარიამ ვალიშვილმა კი განაცხადა, რომ დევნილების დახმარების მოცულობა გაიზარდა, შესაბამისად, ჩაითვალა, რომ ის თანხები, რაც უნდა მოიცავდეს კომუნალურ გდასახადებს შესაბამისად იძულებით გადაადგილებულმა პირებმა უნდა გადაიხადონ. 

"პირველი წლები სუბსიდია ხდებოდა ნამდვილად. ლტოლვილთა განსახლების სამინისტროს მიერ იყო სუბსიდიები განხორციელებული. მიუხედავად იმისა, რომ ტარიფების გაზრდა არ მომხდარა, მიუხედავად იმისა, რომ იყო გარკვეულ კურსთა შორის სხვაობა და გარკვეული ინფრასტრუქტულური ხარჯები, ამ ადამიანებისთვის მთელი სამუშაო სახელმწიფოს ხარჯზე იყო შესრულებული. მაგრამ მას შემდეგ, რაც ლტოლვილების დახმარების  მოცულობა გაიზარდა, შესაბამისად ჩათვლილი იქნა, რომ ის თანხები რომელიც უკვე უნდა მოიცავდეს კომუნალურ გდასახადებს შესაბამისად უნდა იქნას გადახდილი იძულებით გადაადგილებული პირების მიერ", - განაცხადა საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ მარიამ ვალიშვილმა.  

    

ავტორი: ნატა მახვილაძე    

დღის ამბები