20 ნოემბერი 2024,   02:28
ვრცლად
მაღალსართულიანი კორპუსი სარეკრეაციო ზონის ნაცვლად - სტუდენტები მშენებლობის დაწყებას აპროტესტებენ

მაღალსართულიანი კორპუსი სარეკრეაციო ზონის ნაცვლად - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმდებარედ მშენებლობის ნებართვა დედაქალაქის მერიამ ცოტა ხნის წინ გასცა. სამშენებლო არეალში მწვანე საფარიც მოექცა, რომელიც ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის ნებართვის გაცემის შემთხვევაში გაიჩეხება.

საუნივერსიტეტო ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების გაჩეხვას ეწინააღმდეგებიან სტუდენტები. ისინი ეკოლოგიურ პრობლემებზე მიუთითებენ და საუნივერსიტეტო სივრცეში სარეკრეაციო ზონის შენარჩუნების აუცილებლობაზე საუბრობენ.

უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის სათავო ოფისი აშენდება.

კომპანიაში მიიჩნევენ, რომ საპროექტო ტერიტორიაზე მხოლოდ 9 ხის გაჩეხვაა საჭირო, რაშიც ისინი პრობლემას ვერ ხედავენ.

სამსახურის ხელმძღვანელისთვის სტუდენტების პრეტენზიები გაუგებარია. მისი ინფორმაციით, პროექტის განხილვის პროცესში სტუდენტებიც იღებდნენ მონაწილეობას. ადგილზე უკვე შევიდა მძიმე ტექნიკა, სამუშაოებს კი ტენდერში გამარჯვებული კომპანია დაგი ახორციელებს.

 ავტორი: მარიამ შანშიაშვილი.

დღის ამბები