რამდენიმე საათის წინ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა ყოველწლიური ანგარიში მსოფლიოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ.
2015 წლის ანგარიშში აქცენტი სიტყვის თავისუფელბაზე და ამ კუთხით რუსთავი 2-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე კეთდება.
"სახელმწიფოს განცხადების მიუხედავად, რომ რუსთავი 2-ის საქმე იყო კერძო პირებს შორის იურიდიული დაპირისპირება, სასამართლოს ქვედა ინსტანციის ქმედებები განიხილებოდა, როგორც რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის მცდელობა. ბევრისთვის, გადაწყვეტილება ბადებს კითხვებს მთავრობის დამოკიდებულებასა და ვალდებულებებზე მედიის თავისუფლების, პოლიტიკური პლურალიზმისა და სასამართლო დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით," - წერია ანგარიშში.
მოხსენებაში ყურადღება გამახვილებულია ასევე რუსეთის და დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ ადმინისტრაციულ საზღვარზე საქართველოს მოქალაქეების დაკავების შესახებ. ასევე აღწერილია დევნილეთა ვითარება, საქართველოს სასჯელაღსრულების ადგილებში არსებული მდგომარეობა, კანონდარღვევები ძალოვანთა მხრიდან.
"არსებობს ინფორმაცია ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლების მხრიდან ფიზიკური ძალის გამოყენების შემთხვევების შესახებ, რომლებიც დაუსჯელი დარჩა, თუმცა წლის განმავლობაში სახელმწიფოში მსგავსი შემთხვევების აღრიცხვის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა." - წერია მოხსენებაში.
აქვე აღნიშნულია, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და პატიმრების ოჯახის წევრები ხელისუფლებას პოლიტიკური პატიმრების არსებობაში ადანაშაულებენ.