20 ნოემბერი 2024,   02:21
ვრცლად
კახეთში სოციალურ მუშაკთან მომხდარი ურთიერთშელაპარაკების დროს ქალბატონი გარდაიცვალა

სოფელ ველისციხეში მცხოვრები, სოციალურად დაუცველი 46 წლის ეკატერინე პეტრიაშვილი სოციალურ სამსახურს მედიკამენტების შესაძენად საჭირო თანხის გამოყოფას სთხოვდა, რა დროსაც სამსახურის სპეციალისტთან, მანანა ჯანჯიბუხაშვილთან ურთიერთშელაპარაკება მოუხდა.

კონფლიქტის შემდეგ, ქალბატონმა ინფარქტი მიიღო და იგი გურჯაანის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

პეტრიაშვილის ოჯახის წევრების თქმით, ქალბატონს ერთჯერადი სახით გამოყოფილი 100 ლარი ღვიძლის სამკურნალოდ სჭირდებოდა, თუმცა მათივე თქმით, სოციალური სამსახურის თანამშრომელი მას მხოლოდ 70 ლარს სთავაზობდა, რამაც დაპირისპირება გამოიწვია. ოჯახი ჯანჯიბუხაშვილის სამსახურიდან გათავისუფლებას მოითხოვს.

თავად ჯანჯიბუხაშვილი მომხდარ ინციდენტს ადასტურებს, თუმცა, აცხადებს, რომ პეტრიაშვილისთვის გასაცემი დოკუმენტი მის კომპეტენციაში არ შედიოდა.

მომხდარ ფაქტზე განცხადება დღეს კახეთის გუბერნატორმა გააკეთა. ირაკლი შიოლაშვილმა საჯარო მოხელის უმკაცრესად დასჯა მოითხოვა.

დაპირისპირების შესახებ აუდიომასალა კახეთის საინფორმაციო ცენტრმა გაავრცელა.

დღის ამბები