სააპელაციო სასამართლომ რუსთავი 2-თვის მოწერილ წერილში სამაუწყებლო კომპანიის საქმის განხილვის ვადად 5 თვე მიუთითა, თუმცა კოლეგიამ მუშაობა და თანაც საკმაოდ დაჩქარებული ტემპებით ისე დაიწყო, რომ ვადა რომელიც თავად განსაზღვრა გასული ჯერაც არ არის.
რუსთავი 2-ის ქონების ყადაღასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს. სამაუწყებლო კომპანიის იურისტები მიიჩნევენ, რომ ყადაღის თემაზე კოლეგია გადაწყვეტილების მიღებას შეგნებულად აჭიანურებს.
სააპელაციო სასამართლოს კოლეგია სამი მოსამართლისგან შედგება. მათგან ერთ-ერთი ნათია გუჯაბიძე მოსამართლე თამაზ ურთმელიძესთან ერთად 2013 წელს შექმნილი არასამთავრობო ორგანიზაცია მოსამართლეთა ერთობის ერთ-ერთი დამფუძნებელია. ეს ორგანიზაცია იყო თეა წულუკიანის მიერ ინიცირებული სასამართლოს რეფორმის ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი. სააპელაციო სასამართლოში კი ნათია გუჯაბიძე იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უკვე ლევან მურუსიძის თავმჯდომარეობის დროს 2016 წლის იანვარში ახალი ვადით და დაჩქარებული წესით გაამწესა. მისი მუშაობის შეფასება მურუსიძემ დღეს არ ისურვა.
სააპელაციო სასამართლოს კოლეგიას ნატალია ნაზღაიძე ხელმძღვანელობს. ნატალია ნაზღაიძე მოსამართლედ 2003 წელიდან მუშაობს, 2013 წელს ვადის ამოწურვის შემდეგ ის ხელახლა დაინიშნა ამ თანამდებობაზე.
კოლეგიის წევრია შორენა ყაველაშვილიც, რომელიც სასამართლო სისტემაში, პროკურატურიდან მივიდა, სადაც 2005-2008 წლებში ისანი-სამგორის რაიონის პროკურორის თანამდებობაზე მუშაობდა, შემდეგ იყო ჯერ დედოფლისწყაროს მოგვიანებით კი სიღნაღის რაიონული სასამართლოს მოსამართლე, 2013 ის თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გახდა.
რუსთავი 2-ის იურისტები არ გამორიცხავენ, რომ თუ საქმის განხილვა ამ ტემპით გაგრძელდება, სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება შესაძლოა ორ კვირაში მიიღოს.
ავტორი: ეკა გაგუა.