03 ოქტომბერი 2024,   13:17
ვრცლად
მთავარი პროკურორის ხედვა ოჯახური დანაშულის წინააღმდეგ

საქართველოს პროკურატურამ ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად სამოქმედო გეგმა შეიმუშავა და საზოგადოებას გააცნო. გიორგი ბადაშვილმა განმარტა, რომ მიდგომა კონკრეტული, დაახლოებით 3 ათასამდე ფაქტის შესწავლის საფუძველზე შემუშავდა. განისაზღვრა დამნაშავეთა ვინაობა, დანაშაულის მიზეზები, ადგილი და სხვა ძირითადი ფაქტორები, რომელიც ახასიათებს დანაშაულის ოჯახური ძალადობის შემთხვევებს საქართველოში.

გიორგი ბადაშვილის თქმით, უპირველესი გამოსავალი ამ პრობლემიდან არის საზოგადოების ინფორმირება, რომ დანაშაული არ უნდა დარჩეს ოჯახში და მის შესახებ დროულად უნდა ეცნობოს სამართალდამცველებს.

„ქართული მენტალური დამოკიდებულებიდან გამომდინარე, ხშირ შემთხვევაში ფიქრობენ, რომ ეს პრობლემა უნდა გადაწყდეს ოჯახის ფარგლებში, რაც ჩემი აზრით, მცდარი ინფორმაციაა და უნდა მოხდეს ინფორმირება სამართალდამცველი ორგანოებისა,“ - განაცხადა გიორგი ბადაშვილმა.

საერთო სტრატეგიის შემუშავებაში აქტიურად არის ჩართული ჯანდაცვის სამინისტრო. მინისტრ დავით სერგეენკოს განცხადებით, ერთობლივ ღონისძიებებში გააქტიურდება სოციალური მუშაკების როლი და მოხდება მათი გადამზადება, რათა მათ შეითავსონ მიმართულებების რისკების მენეჯმენტი.

პროკურატურის მიერ გამართულ პრეზენტაციას ესწრებოდა აშშ-ის ელჩი საქართველოში. რიჩარდ ნორლანდის განცხადებით, ოჯახური ძალადობა არ არის რომელიმე ქვეყნისთვის დამახასიათებელი პრობლემა; ეს ზოგადი პრობლემაა, რომლის წინააღმდეგაც თავის დროზე შეერთებულმა შტატებმაც შეიმუშავა გარკვეული მეთოდიკა და ის შესაძლოა ეფექტური გამოდგეს საქართველოშიც.

„ეს ის თემაა, რომელსაც მთავრობა და საზოგადოება ერთობლივი მიდგომით უნდა გაუმკლავდეს. მხოლოდ ამ პრობლემის სერიოზულად აღქმით შესაძლებელია მდგომარეობის გაუმჯობესება. მთავრობა, არასამთავრობოები და საზოგადოება ერთიანი სტრატეგიით შეძლებენ ამ პრობლემის დაძლევას,“ - განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები