03 ოქტომბერი 2024,   15:17
ვრცლად
ქართველ ხალხს კარგად ახსოვს, რომ ცესკოს შედეგები იყო სწორი და აშშ-ის საელჩოდან და USAID-დან დაფინანსებული "სამართლიანი არჩევნების" შედეგები, გაყალბებული - გურამ მაჭარაშვილი

"ხალხის ძალის" წევრი, გურამ მაჭარაშვილი ISFED-თან დაკავშირებით აშშ-ის საელჩოს განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ სწორედ ISFED-ის მონაცემების გამო დაიწყო ქვეყანაში არეულობა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები პარლამენტში არ შედიოდნენ. მისივე თქმით, შეცდომა "ქართულმა ოცნებამ" აღმოაჩინა და ამ თემაზე პარტნიორები დუმდნენ.

"აშშ-ის საელჩოს კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ, რომ 2020 წლის არჩევნების შემდგომ 1.8%-იანი კი არა, 8%-იანი ცდომილება, გაყალბება ჰქონდა ISFED-ს, რომელიც დამალეს USAID-შიც და აშშ-ის საელჩოშიც, რომლის გამოც რევოლუცია კინაღამ მოუწყვეს საქართველოს და საქართველოს ხელისუფლებას, მათ შორის, ISFED-ის 8%-იანი გაყალბების გამო. 2 თვის განმავლობაში, საქართველოს საზოგადოება ამყოფეს სიცრუეში. როდესაც ISFED-ს მოუწია საჯაროდ აღიარება, რომ მან გააყალბა არჩევნები და ცესკოს არჩევნები იყო ზუსტი, ამის შემდგომ არათუ ბოდიში არ მოუხდია არავის, არამედ პირიქით - რამდენიმე თვეში, აშშ-ის საელჩომ თქვა, რომ ISFED-ი სანდოობით სავსე ორგანიზაცია არისო. გამოდის, რომ ხელი დააფარა. ის ადამიანი, ვინც გადადგა გაყალბების გამო ISFED-ში, წაიყვანეს და უცხოეთში დააწინაურეს. რა ბანერიც არ უნდა გამოუშვან ახლა აშშ-ის საელჩოში, ქართველ ხალხს კარგად ახსოვს, რომ ცესკოს შედეგები იყო სწორი და აშშ-ის საელჩოდან და USAID-დან დაფინანსებული "სამართლიანი არჩევნების" შედეგები იყო გაყალბებული," - აცხადებს "ხალხის ძალის" წევრი გურამ მაჭარაშვილი.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის საელჩომ საელჩომ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ბანერი და დასვა შეკითხვა, რატომ აყენებს "ქართული ოცნება" აშშ-თან პარტნიორობას რისკის ქვეშ 1.8%-ის გამო. "ქართული ოცნების" მხრიდან ხშირი ცრუ განცხადებების საპასუხოდ, რომ 2020 წელს არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED-ი სახელმწიფო გადატრიალებას შეეცადა, აღვნიშნავთ, რომ ISFED-ის მონაცემებით, 2020 წლის არჩევნებში "ქართული ოცნების" გამარჯვება თავიდანვე დადასტურდა," - წერს საელჩო.

დღის ამბები