03 ოქტომბერი 2024,   15:10
ვრცლად
თავად ISFED-მა განაცხადა ამ ცდომილებასთან დაკავშირებით და ანტიამერიკული განწყობების გაძლიერება ამ კუთხით, ისევე, როგორც თავდასხმები საარჩევნო სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე, მიუღებელია - თეონა აქუბარდია

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადება, რომელიც ISFED-ის პარალელური დათვლის შედეგების ცდომილებას ეხება, პოლიტიკური შეფასებების თემაა. ოპოზიციაში საელჩოს პოზიციას იზიარებენ და ამბობენ, რომ არეულობას და დესტაბილიზაციას ქვეყანაში სწორედ "ქართული ოცნება" იწვევს.

"მე ვხედავ პრობლემას იმ ბინძურ კამპანიაში, რომელსაც "ქართული ოცნება" აწარმოებს, დანარჩენი ყველაფერი არის შეთხზული, ტყუილია ეს ყველაფერი. არეულობას და დესტაბილიზაციას ამ ქვეყანაში იწვევს "ქართული ოცნება", თავისი ძალადობრივი და მაპოლარიზებელი რიტორიკითა და იზოლაციით, რომლისკენაც მიჰყავს საქართველო," - აცხადებს "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე.

"გახარია საქართველოსთვის" წევრი, თეონა აქუბარდია მიიჩნევს, რომ ანტიამერიკული განწყობების გაძლიერება და საარჩევნო სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე თავდასხმა მიუღებელია.

"თავად ISFED-მა განაცხადა ამ ცდომილებასთან დაკავშირებით და ჩვენ ვნახეთ. პივიტის საბოლოო შედეგი არ ყოფილა შეცვლილი "ქართული ოცნების" გამარჯვების პროცესში და ანტიამერიკული განწყობების გაძლიერება ამ კუთხით, ისევე, როგორც თავდასხმები საარჩევნო სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე, არის მიუღებელი. აშშ ქართველი ხალხის გრძელვადიანი ინტერესების გვერდით დგას და სადამკვირვებლო ორგანიზაციების მხარდაჭერას ატარებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების დასაცავად," - აცხადებს თეონა აქუბარდია.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის საელჩომ საელჩომ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ბანერი და დასვა შეკითხვა, რატომ აყენებს "ქართული ოცნება" აშშ-თან პარტნიორობას რისკის ქვეშ 1.8%-ის გამო. "ქართული ოცნების" მხრიდან ხშირი ცრუ განცხადებების საპასუხოდ, რომ 2020 წელს არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED-ი სახელმწიფო გადატრიალებას შეეცადა, აღვნიშნავთ, რომ ISFED-ის მონაცემებით, 2020 წლის არჩევნებში "ქართული ოცნების" გამარჯვება თავიდანვე დადასტურდა," - წერს საელჩო.

პასუხად, მმართველ გუნდში საელჩოს შეახსენეს, რომ სწორედ ISFED-ის მონაცემების გამო დაიწყო ქვეყანაში არეულობა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები პარლამენტში არ შედიოდნენ. მათივე განცხადებით, შეცდომა "ქართულმა ოცნებამ" აღმოაჩინა და ამ თემაზე პარტნიორები დუმდნენ.

დღის ამბები