20 ნოემბერი 2024,   00:37
ვრცლად
"რუსთავი 2"-ის სასამართლო პროცესი-მოსამართლემ არც ერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

რუსთავი 2-ის მორიგი სასამართლო პროცესი სააპელაციო სასამართლოში 13  მაისს გაიმართება. დღევანდელ პროცესზე მოსამართლემ სამაუწყებლო კომპანიის არც ერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

ორივე შუამდგომლობა მოსამართლეების აცილებას ეხებოდა. მათ შორის კოლეგიის ერთ-ერთი წევრის აცილება უკვე სხდომის დასრულებამდე სამაუწყებლო კომპანიის დირექტორმა პირადად მოითხოვა. ნიკა გვარამიას განცხადებით,  მოსამართლე შორენა ყაველაშვილთან მას რამდენიმე სასამართლო პროცესზე მოუწია მხარედ ყოფნა და ამ საქმეებზე მოსამართლემ გადაწყვეტილება მის სასარგებლოდ მიიღო.

ადვოკატების მიერ დაყენებული კიდევ ერთი შუამდგომლობა, რომელიც კოლეგიამ არ დააკმაყოფილა ასევე ერთ-ერთი მოსამართლის ნათია გუჯაბიძის აცილებას ეხებოდა. მოთხოვნის მიზეზი და მოტივი პროცესზე რუსთავი 2-ის ადვოკატებმა დეტალურად ახსნეს. ადვოკატებმა  ნათია გუჯაბიძის  იუსტიციის მინისტრთან კავშირებზე გაამახვილეს ყურადღება. მათი ინფორმაციით, თეა წულუკიანი მოსამართლე გუჯაბიძის კურსელი და მეგობარია. წულუკიანთან მეგობრული კავშირი მოსამართლემ სხდომაზევე უარყო.

მოსამართლე ნათია გუჯაბიძესთან და ზოგადად რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრის ხსენებას გამოეხმაურა ქიბარ ხალვაშის ადვოკატი. პაატა სალია იუსტიციის მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებებში და მის მიერ სასამართლოსადმი გაკეთებულ მიმართვაში საქმის სწრაფად დასრულების შესახებ, პრობლემას და სასამართლოს შიდა საქმეებში ჩარევას ვერ ხედავს.

რაც შეეხება  რუსთავი 2-სა და ტელეკომპანია საქართველოს  ყადაღის საკითხს,  რომლის განხილვის ვადებიც ჯერ საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ურთმელიძემ, შემდეგ კი სააპელაციო სასამართლოს კოლეგიამ დაარღვია, გადაწყვეტილი დღემდე არ არის. როდის იქნება საბოლოო გადაწყვეტილება ადვოკატებმა პასუხი ამ კითხვაზე მოსამართლეებისგან დღესაც ვერ მოისმინეს.

ავტორი:ეკა გაგუა.

დღის ამბები