საქართველოს პრემიერმინისტრმა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის საქმეზე კომენტარი გააკეთა. დღეს გიორგი კვირიკაშვილი ილინოისის უნივერსიტეტში იმყოფებოდა, სადაც სიტყვით გამოვიდა და საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა. შემდეგი შეხვედრა ბოსტონში გაიმართა. ჟურნალისტებთან გიორგი კვირიკაშვილმა შეხვედრის დაწყებამდე ისაუბრა. პრემიერმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია ტელეკომპანია რუსთავი 2-ის არსებული სარედაქციო პოლიტიკის შენარჩუნება.
„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია მედიის თავისუფლება, როგორც მოგეხსენებათ ამ საქმეს აქვს ორი განზომილება. ეს არის საკუთრების განზომილება და ეს არის სიტყვის თავისუფლების და სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობის განზომილება. მე რა თქმა უნდა არ მაქვს უფლება და ვერც ჩავერევი ვერანაირად სასამართლო განხილვაში, თუმცა ერთი რამ მინდა, რომ ვთქვა- როგორიც არის მწვავე, შეიძლება გული გვეტკინოს ხშირად, რომ ძალიან მნიშვნელოვანი სიუჟეტები შეიძლება შუქდებოდეს გადაცემების ბოლოში და ა.შ. არანაირად არ ვისურვებდი, რომ სარედაქციო პოლიტიკა, რომელიც დღეს რუსთავი 2-ს გააჩნია რამენაირად შეიცვალოს. განსაკუთრებით არჩევნებამდე, რომ არ მივცეთ არანაირი საშუალება სპეკულაციის ჩვენს ოპონენტებს, ჩვენ ნამდვილად არ გვჭირდება ეს. ჩვენ გვჭირდება, რომ დამოუკიდებელმა მედია კომპანიამ აწარმოოს ის სარედაქციო პოლიტიკა რომელიც მას მიაჩნია, რომ უნდა აწარმოოს,“-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.