03 ოქტომბერი 2024,   13:19
ვრცლად
რეგიონებში წყალი დაბინძურებულია

რა წყალს სვავენ საქართველოს რეგიონებში, ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად სურსათის უვნებლობის სამსახურმა მთელი ქვეყნის მასშტაბით 731 სინჯი აიღო და სავალალო შედეგი მიიღო. გაირკვა, რომ სასმელი წყლის პრობლემა ყველა რეგიონში არსებობს. ნიმუშების თითქმის ნახევარი მიკრობიოლოგიურად დაბინძურებულია.

სასმელ წყალში სპეციალისტებმა, ფეკალური დაბინძურების გარდა, ეშერიხია კოლის ბაქტერიებიც აღმოაჩინეს. მათი დიდი რაოდენობით ორგანიზმში მოხვედრა, შესაძლოა, სიცოცხლისთვის სახიფათო იყოს.

სურსათის უვნებლობის სამსახურიდან შეტყობინება დაბინძურებული წყლის შესახებ უკვე მიუვიდათ იმ ოჯახებს და დაწესებულებებს, სადაც კვლევები ჩატარდა. თუმცამ კვლევების არ სჯერა ადგილობრივ გამანაწილებელ წყლის კომპანიებს. მაგალითად, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის კახეთის ოფისში სურსათის უვნებლობის მონაცემებს არ აღიარებენ. ინფრასტრუქტურის სამინისტროს კუთვნილ შპს-ში ამბობენ, რომ დასკვნაში მოყვანილი ობიექტები გადაამოწმეს და დარღვევა ვერ აღმოაჩინეს.

დასკვნის მიხედვით, კახეთის შემდეგ ყველაზე მძიმე მდგომარეობა აჭარაშია. თუმცა, ამ მონაცემებს აქაც უარყოფენ. "ბათუმის წყალში" არ გამორიცხავენ, რომ უარყოფითი პასუხი სინჯების აღების დროს დაშვებული შეცდომის ბრალია.

სურსათის უვნებლობის სამსახურში შეცდომას გამორიცხავენ. თუმცა, მზად არიან, მათ მიერ მოპოვებული შედეგები წყალმომარაგების კომპანიებთან ერთად დამატებით გადაამოწმონ.

დღის ამბები