03 ოქტომბერი 2024,   13:19
ვრცლად
2015 წლის ბიუჯეტს სავარაუდოდ კვირის ბოლომდე დაამტკიცებენ

2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცებას დეპუტატები მიმდინარე კვირას გეგმავენ. ამ საკითხზე დღეს ბიუროს სხდომაზე იმსჯელებენ და კენჭისყრის თარიღიც დაზუსტდება. მომავალი წლის ბიუჯეტი 9 მილიარდ ლარზე მეტია. პრიორიტეტული სფეროები კი ჯანდაცვა, განათლება და ინფრასტრუქტურაა. მთავარ საფინანსო დოკუმენტში ასახულია პენსიის 10-ლარით - 160  ლარამდე გაზრდაც, რის განხორციელებასაც მთავრობა 2015 წლის 1 სექტემბრიდან აპირებს.უმრავლესობა დოკუმენტში ცვლილების შეტანას აღარ ვარაუდობს.

"საკმაოდ სერიოზული ზრდა არის როგორც საგადახადო კუთხით, ისე შემოსულობების სხვა ნაწილში. მხოლოდ საგადასახადო მიმართულებით 771 მილიონია ზრდა. ძალიან ბევრ უწყებებში, სამინისტროებში სერიოზული ზრდაა. აღარ ველოდები ძალიან დიდ დისკუსიებს ამ საკითხთან დაკავშირებით, რადგან ჩვენ ყველა ეს საკითხი დეტალურად გავიარეთ", - აცხადებს პარლამენტის საბიუჯეტო-საფინანსო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ნოდარ ებანოიძე.

უკვე დიდი ხანია ცნობილია, რომ ბიუჯეტის ამ პროექტს საპარლამენტო უმცირესობა  მხარს არ უჭერს. "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი გიგი წერეთელი ამბობს, რომ შენიშვნები მათ ძალიან ბევრ საკითხთან დაკავშირებით აქვთ და ეს მხოლოდ ლარის გაუფასურებას და პენსიის უმნიშვნელო ზრდას არ ეხება.

„არ დავუჭერთ ამ ბიუჯეტს მხარს, რომელიც  ამ ქვეყნის განვითარებას ხელს არ უწყობს, არ ქმნის სამუშაო ადგილებს, იმ ბიუჯეტს, სადაც ათი ლარით იოზრდება პენსია და უკვე ჩვენი საზოგადოება კარგად ხვდება, რომ ეს უკვე არაფერი აღარ არის. ამ ინფლაციამ შეჭამა ჩვენი პენსიონერების პენსიის საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი. ბევრი სხვა თემაა კიდევ, რომელზეც ჩვენ გვაქვს სერიოზული შენიშვნები", - განაცხადა გიგი წერეთელმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები