08 ოქტომბერი 2024,   00:28
ვრცლად
თურქეთში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეების ქვეყანაში დროულად დაბრუნებაზე მუშაობს

მიმდინარეობს მუშაობა, რომ მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში მოხდეს საქართველოს მოქალაქეების დაბრუნება - ეს განცხადება, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თურქეთში, ირაკლი კოპლატაძემ, რუსთავი 2-ის ეთერში საუბრისას გააკეთა.

კოპლატაძემ ამჟამად სტამბოლში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ათათურქის აეროპორტში ტერაქტის შედეგად გარდაცვლილებსა და დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან.

მისი თქმით, ამ დროისთვის თითქმის დასრულებულია გარდაცვლილთა იდენტიფიცირების პროცესი. ირაკლი კოპლატაძე ამბობს, რომ ამ დრომდე საკონსულოში, საქართველოს მოქალაქის შესახებ ინფორმაცია არ შესულა.

„იმ 36 დაღუპულს და 140-ზე მეტ დაშავებულს შორის, რომელთაგან 6 მძიმე მდგომარეობაშია, თურქეთის ხელისუფლების ოფიციალური განცხადებით, არიან უცხოელებიც. ამ დროისთვის მიმდინარეობს იდენტიფიცირება, დაღუპულთა შორის აბსოლუტური უმრავლესობა იდენტიფიცირებულია, ისინი არიან თურქი მოქალაქეები, რაც შეეხება დაშავებულებს, ამ მომენტში მიმდინარეობს იდენტიფიცირება და სტამბოლის საქართველოს საკონსულოს მუდმივი, 24 საათიანი კავშირი აქვს შესაბამის სამსახურებთან. ამ მომენტისათვის საქართველოს მოქალაქეების შესახებ ცუდი ინფორმაცია ჯერ არ შემოსულა.

ელჩის ინფორმაციით, ამჟამად მიმდინარეობს გაუქმებული რეისების და შესაბამისად სატრანზიტო მგზავრების გადაყვანის განრიგზე მუშაობა. მისივე თქმით, მიმდინარეობს ერთობლივი მუშაობა შესაბამის ავიაკომპანიებთან. 

დღის ამბები