07 ოქტომბერი 2024,   22:25
ვრცლად
დაკავებულთა ჩვენების ჩამოსართმევად, წყლით ზემოქმედების პრაქტიკა არ დაბრუნდება- აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელი

შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი თანამდებობას დატოვებს, თუ მის უწყებას დაკითხვის გაძლიერებული მეთოდების გამოყენებას დაავალებენ. განცხადება ჯონ ბრენანმა, რომელიც სააგენტოს 2013 წლიდან ხელმძღვანელობს, ბრუკინგსის ინსტიტუტში გააკეთა.

ჯონ ბრენანის განცხადებით, ვიდრე ის ხელმძღვანელობს ცენტრალურ სადაზვერვო სამსახურს, დაკავებულთა ჩვენების ჩამოსართმევად წყლით ზემოქმედების პრაქტიკა, არ დაბრუნდება. მისი თქმით, ე.წ.  ვოთერბორდინგის პრაქტიკის გამოყენება მისი მუშაობის პერიოდში არასდროს მხდება.

ბრენანმა ამ განცხადებით, უპასუხა საპრეზიდენტო კანდიდატის, დონალდ ტრამპის პოზიციას, რომელიც დაკითხვის გაძლიერებული მეთოდების, მათ შორის ე.წ. ვოთერბორდინგის დაბრუნების მომხრეა.

„სააგენტოს დაკავებულთა დაკითხვის პროგრამა, ჩემი აზრით, არსებობდა 11 სექტემბრის შემდგომი ამერიკის უსაფრთხოების ხელშესაწყობად. იყო დაშვებული შეცდომები? - აბსოლუტურად. თუმცა სააგენტოს ჰქონდა მითითებული ამ პროგრამის განხორციელება. ვფიქრობ, დაკითხვის გაძლიერებული მეთოდები საჭირო არ არის. მე ვიცი, იყო მოწოდებები ვოთერბორდინგის აღდგენაზე. ვიდრე ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელი ვარ, ჩვენ ამ გზას აღარ დავუბრუნდებით,“- განაცხადა ჯონ ბრენანმა.

მისივე თქმით, გაძლიერებული დაკითხვის პრაქტიკა მსოფლიოში ამერიკის რეპუტაციისთვის და როლისთვის შეუსაბამოა. ბრენანმა განაცხადა, რომ ის სამსახურს დატოვებს, თუ კი ახალი პრეზიდენტი სააგენტოს ძველი პრაქტიკის აღდგენას დაავალებს.

„თუ კი პრეზიდენტი დაავალებს სააგენტოს, შემოიღოს ვოთერბორდინგი ან სხვა რამე, ეს იქნება დამოკიდებული ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორზე და ამ სამსახურის სხვა წარმომადგენლებზე, გადაწყვიტონ, სწორია თუ არა ამ ბრძანების შეასრულება. მე შემიძლია ვთქვა, რომ ვიდრე ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი ვარ, იმის მიუხედავად, რას იტყვის პრეზიდენტი, მე არ ვიქნები სააგენტოს ის ხელმძღვანელი, რომელიც ამას შეასრულებს და მათ სხვა დირექტორის პოვნა მოუწევთ,“- აღნიშნა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორმა.

შეგახსენებთ, დაკითხვის გაძლიერებული მეთოდების გამოყენება, მათ შორის ვოთერბორდინგი, რომელიც ბევრი ორგანიზაციის მიერ წამებად არის აღიარებული, ბარაკ ობამას ადმინისტრაციის დროს აიკრძალა.

დღის ამბები