07 ოქტომბერი 2024,   22:27
ვრცლად
ტრაგედიად ქცეული ზეიმი - 84 დაღუპული, მათგან 10 ბავშვი და 25 ადამიანი სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე

საფრანგეთი შურისძიებით იმუქრება. ქვეყნის პრეზიდენტი და პრემიერი ამ წუთებში ნიცაში იმყოფებიან, რომელიც გუშინ თავდამსხმელმა სასაკლაოდ აქცია. 84 ადამიანია დაღუპული, მათგან 10 მცირეწლოვანი.

202 ადამიანი კი დაშავებულია, მათ შორის ტურისტები. დაშავებულთაგან 25-ის მდგომარეობა კრიტიკულია, ისინი კომაში იმყოფებიან.

ფრანსუა ოლანდმა ნიცაში ჩასვლამდე საზოგადოებას მიმართა და არ გამორიცხა, რომ დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდოს.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ქვეყანა ომშია, რომელშიც აუცილებლად გაიმარჯვებს. 

ტერორისტი სატვირთო ავტომობილით ქალაქის სანაპიროზე ხალხში შევარდა და თითქმის ორი კილომეტრი ისე გაიარა, რომ გზაზე არავის ინდობდა.

იმ დროს ფრანგულ რივიერაზე განსაკუთრებული ხალხმრავლობა იყო. მოსახლეობა და ტურისტები ბასტილიის დღის აღსანიშნავად ფოიერვერკს უყურებდნენ, როდესაც ტერორისტმა ავტომანქანა დაძრა და ქვეყნის მთავარი დღესასწაული ტუნისელმა თავდამსხმელმა ფრანგულ ტრაგედიად აქცია.

დღეს კიდევ ერთხელ მთელი ცივილიზებული სამყარო საფრანგეთს უსამძიმრებს. ნიცა საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრშია. ადგილზე იმყოფება კურიერის გადამღები ჯგუფიც. 

ნიცაში მომხდარ ტერაქტს ქართველებიც შეესწრნენ. საბედნიეროდ, არცერთი მათგანი არ დაღუპულა და არც დაშავებულა. მათ დღეს განვითარებული მოვლენები კურიერის კამერასთან გაიხსენეს და თქვეს, რომ მოვლენები ისე უცებ და მოულოდნელად განვითარდა, რომ ქალაქში რამდენიმე საათის განმავლობაში სრული პანიკა იყო. 

ნიცაში ამ დროისთვის განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომებია მიღებული. 

მოკლულია 31 წლის ტერორისტი, რომელიც ავტომობილს მართავდა. სატვირთო ავტომობილში, როგორც შემდეგ გახდა ცნობილი, ასაფეთქებელი მოწყობილობები და იარაღი იყო ჩალაგებული.

 

 

ავტორები: თამარ ნუცუბიძე, თამარ ჭავჭავაძე, თეა თეთრაშვილი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები