07 ოქტომბერი 2024,   22:28
ვრცლად
სომხეთის ხელისუფლება პოლიციის შენობის შტურმს არ გამორიცხავს

სომხეთის მთავრობა დათმობებზე წასვლას არ აპირებს. რამდენიმე წუთის წინ განცხადება გააკეთა შს მინისტრის პირველმა მოადგილემ, რომელმაც თქვა, რომ ამ დროისთვის გათავისუფლებულია ორი მძევალი, ერთი პოლიციელი და ერთი სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომელი.

ჰუნან პოღოსიანის განცხადებით, მოლაპარაკებები ამ დრომდე მიმდინარეობს და თუ შეიარაღებული ჯგუფი პოზიციებს არ დათმობს, მაშინ ხელისუფლება შენობის შტურმით აღების გადაწყვეტილებას მიიღებს.

"ამ დროისთვის პოლიციის შენობაში 4 მძევალი რჩება. მოლაპარაკებები ჯერ კიდევ გრძელდება, რადგან არც ერთი მხარე დათმობას არ აპირებს. შეიარაღებული ჯგუფი ცდილობს, გვაიძულოს სეფილიანი გავათავისუფლოთ და მათ შევახვედროთ, მაგრამ ეს არ მოხდება. თუ ისინი დათმობაზე არ წამოვლენ, სხვა გზა არ დაგვრჩება და სპეცოპერაციის დაწყების გადაწყვეტილებას მივიღებთ,"- განაცხადა სომხეთის შს მინისტრის პირველმა მოადგილემ.

არსებულ ვითარებას აფასებენ პოლიტოლოგებიც. როგორც პოლიტოლოგები და საზოგადოების წარმომადგენლები აცხადებენ, ეს არის ოპოზიციის ის ნაილი, რომელიც უკმაყოფილოა მთავრობის პოლიტიკით და ის, რომ მთავრობის კურსი არა პრო დასავლური არამედ პრო რუსულია. 

"სამწუხაროდ, თითქმის გამოუვალი მდგომარეობაა. არჩევანი მხოლოდ ცუდსა და უარესს შორისაა, რადგან რაც ახლა ხდება, ესაა ათწლეულების თუ არა, მინიმუმ ბოლო წლების პოლიტიკის შედეგი. დაგროვდა ეკონომიკური და პოლიტიკური პრობლემები და როდესაც ოპოზიციის ნაწილი ვერ ახერხებს მშვიდობიანი გზებით გამოსავლის მოძებნას, ასეთ ძალადობრივ მეთოდებს მიმართავენ. რა თქმა უნდა, ეს მიუღებელია, მაგრამ ეს არის გამოუვალი მდგომარეობის გამოძახილი. ვფიქრობ ახლა მთავარი, ახალი მსხვერპლის თავიდან აცილებაა, რადგან თუ იქნება განყოფილებაზე შტურმი, ეს ორივე მხრიდან მსხვერპლს გამოიწვევს. სამწუხაროდ, ჩემი აზრით, სისხლისღვრა იქნება,“- განაცხადა არაბ პაპიანმა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დღეს დილით ერევნის პოლიციის დანაყოფებმა ოპოზიციის რამდენიმე მხარდამჭერი დააკავეს. მათ ეძებენ ადვოკატები და ოჯახის წევრები, თუმცა მათი ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია. 

დღის ამბები