07 ოქტომბერი 2024,   22:22
ვრცლად
"რესპუბლიკურმა პარტიამ" დონალდ ტრამპი პრეზიდენტობის კანდიდატად ოფიციალურად უნდა წარადგინოს

კლინლენდში რესპუბლიკური პარტიის ყრილობა ოფიციალურად გაიხსნა. რამდენიმე დღიანი შეკრების შემდეგ, პარტიამ დონალდ ტრამპი პრეზიდენტობის კანდიდატად ოფიციალურად უნდა წარადგინოს.

ტრადიციულად, კანდიდატი სცენაზე ყრილობის ბოლო დღეს გამოდის, თუმცა დონალდ ტრამპმა ტრადიცია დაარღვია. ის სცენაზე ყრილობის პირველივე დღეს გამოვიდა და შეკრებილებს საკუთარი მეუღლე წარუდგინა.

“ჩემი ქმარი მზადაა უხელმძღვანელოს ამ დიდებულ ქვეყანას. ის მზადაა იბრძოლოს ყოველდღე ჩვენი შვილების უკეთესი მომავლისთვის, რომელიც მათ დაიმსახურეს,” – განაცხადა მელანია ტრამპმა.

რესპუბლიკური პარტიის ყრილობის პირველივე დღეს მწვავე კრიტიკის ობიექტი გახდა დემოკრატი საპრეზიდენტო კანდიდატი ჰილარი კლინტონი. რესპუბლიკელებმა ბენღაზის ამბები გაიხსენეს და აღნიშნეს, რომ ჰილარი კლინტონის გამარჯვება ამერიკის უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფს.

„ჰილარი კლინტონმა ვერ დაიცვა ამერიკელთა სიცოცხლე ბენღაზიში. ჩვენ გვინდა ლიდერი, რომელიც უკეთეს მომავალს ხედავს, რომელიც აღადგენს ჩვენს ეკონომიკას და უსაფრთხოებას. გვინდა ლიდერი, რომელიც პატივს სცემს შეერთებული შტატების კონსტიტუციას,“ - აღნიშნა სენატორმა კანზასის შტატიდან, პეტ რობერტსიმ.

რესპუბლიკელებმა ყრილობის პირველ დღეს აქცენტები გააკეთეს ამერიკის უსაფრთხოებაზე.

„დონალდ ტრამპი არ დაიწყებს ბირთვულ ომს. ის არ არის ვიღაც გადარეული, რომელსაც ღილაკზე თითი უჭირავს,“ - განაცხადა რესპუბლიკელმა დელეგატმა ერიქ გელობიმ.

შეფასება გააკეთა დელეგატმა კალიფორნიიდან, ნოალ ირვინ ჰენდშილდიმ. 

„ველით, რომ ვიქნებით გაერთიანებული პარტია დონალდ ტრამპის გარშემო, რომელიც ჩვენი მომავალი პრეზიდენტი იქნება,“ - აღნიშნა ნოალ ირვინ ჰენდშილდიმ.

რესპუბლიკური პარტიის ყრილობა ხმაურიანი საპროტესტო აქციების ფონზე მიმდინარეობს. არენასთან მისასვლელი გზები პოლიციას გადაკეტილი აქვს. წესრიგს ქალაქში სამართალდამცველთა გაძლიერებული რაზმები იცავენ.

ავტორი: დავით ნიკურაძე. 

 

დღის ამბები