07 ოქტომბერი 2024,   22:24
ვრცლად
თურქეთის სასამართლომ 80-ზე მეტი სამხედრო მაღალჩინოსანი წინასწარ პატიმრობაში დატოვა

თურქეთის სასამართლომ  80-ზე მეტი სამხედრო მაღალჩინოსანი წინასწარ პატიმრობაში დატოვა. მათ შორისაა საჰაერო ძალების სარდალიც. გავრცელებული ცნობა, რომ თითქოს აკინ ოზთურმა ამბოხების ორგანიზების ბრალი აღიარა, არ დადასტურდა. 

გავრცელებული ცნობით, ამბოხებასთან კავშირისთვის ორი პილოტი დააპატიმრეს, რომლებმაც შარშან ნოემბერში რუსული ბომბდამშენი ჩამოაგდეს.

თურქეთში კვლავ უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები მოქმედებს. გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე, გამოყვანილია ჯავშან მანქანებიც.

სტამბოლში კი დღეს ქვეყნის პრეზიდენტს ელოდებიან. გავრცელებული ცნობით, ტაქსიმის მოედანზე გადატრიალების მოწინააღმდეგეთა აქცია გაიმართება, რომელსაც რეჯეპ ტაიპ ერდოღანი დაესწრება. მან CNN-სთვის მიცემულ ინტერვიუში სიკვდილით დასჯის შემოღების მხარდაჭერა არ გამორიცხა. 

ერდორანის განცხადებას სიკვდილის დასჯის შესაძლო აღდგენასთან დაკავშირებით ეხმაურებიან ადვოკატები. უფლებადამცველები ამბობენ, რომ მათთვის მთავრობის ინიციატივა მიუღებელია, რადგან როგორც ადვოკატები ამბობენ, სიკვდილის დასჯის აღდგენა არსებულ ვითარებაში პოლიტიკური საკითხია.

„სიკვდილით დასჯა არსებულ სიტუაციაში პოლიტიკური საკითხია. ზოგადად ახალ სასჯელს ძველი დანაშაულისთვის ვერ შემოიღებ. მაგრამ, დღეს განსაკუთრებული სიტუაციაა და ყველაფერი შეიძლება მოხდეს. განსაკუთრებული სიტუაცია ნიშნავს განსაკუთრებული იდეების წარმოჩენას და ახალი კანონების მიღებასა და სასჯელის შემოღებასაც. გარკვეული პერიოდის შემდეგ ამის გაკეთება უფრო მარტივი იქნება,“- განაცხადა ადვოკატმა აბდულა მითაიდიმ.

თურქეთში სიკვდილით დასჯის აღდგენასთან დაკავშირებით კონსულტაციები ამ დრომდე მიმდინარეობს. შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, ინიციატივას კენჭს პარლამენტი უყრის, შემდეგ კი ქვეყნის პრეზიდენტი დაამტკიცებს. 

დღის ამბები