07 ოქტომბერი 2024,   22:20
ვრცლად
ვიკილიქსის სკანდალური დოკუმენტების გასაჯაროვებამდე თურქეთში ასობით ადამიანს სამსახურიდან უშვებენ და დაკავებულების სიკვდილით დასჯას აპირებენ

ერდოღანის პარტია შესაძლოა, საერთაშორისო სკანდალში გაეხვეს. რამდენიმე საათის წინ ცნობილი გახდა, რომ უახლოეს პერიოდში ჩაშლილი ამბოხების დაწყებამდე მმართველი პარტიის სკანდალურ მიმოწერას ვიკილიქსი გამოაქვეყნებს. კონკრეტული თარიღი არ დასახელებულა. 

მანამდე კი თურქეთში საკადრო წმენდა გრძელდება. ძალოვანი და სასამართლო სისტემიდან დათხოვილი და დაკავებული პირების შემდეგ დღეს ცნობილი გახდა, რომ განათლების სფეროდან 1500-ზე მეტი მასწავლებელი, ლექტორი და რექტორი გაათავისუფლეს.

გათავისუფლების მიზეზი ფეთჰულაჰ გიულენთან ახლობლობაა, რომელიც ოფიციალურ ანკარაში ჩაშლილი ამბოხის ხელმძღვანელად მოიაზრება. 

სწორედ ფეთჰულაჰ გიულენის გადმოცემა მოითხოვა დღეს თურქეთის იუსტიციის სამინისტრომ ამერიკისგან. შესაბამისი დოკუმენტაცია ანკარამ ვაშინგტონში უკვე გადააგზავნა

თურქეთში უკვე დაიწყო გადატრიალების მცდელობაში მონაწილე პირთა სასამართლო პროცესები. ასობით სამხედრო უკვე წინასწარ პატიმრობაშია.  პრალელურად რამდენიმე მედიასაშუალებას მაუწყებლობის ლიცენზია შეუჩერდა. 

პარალელურად, თურქეთის მოსახლეობის ნაწილი აქტიურად განიხილავს სიკვდილით დასჯის აღდგენას. ამასვე იზიარებს ქვეყნის პრეზიდენტი. დასავლეთის წინაარმდეგობის მიუხედავად, ერდოღანმა მხარდამჭერებთან შეხვედრაზეც და ტელეკომპანია CNN-ის ეთერშიც აღნიშნა, რომ ის მხარს უჭერს თურქეთში სასჯელის უკიდურეს ფორმად სიკვდილით დასჯის შემოღებას. 

ერდოღანი მზად არის, პარლამენტში აღნიშნული ინიციატივის მიღების შემდეგ მას ხელი მოაწეროს. 

 

ავტორი ნათია ტრაპაიძე, თამარ ჭავჭავაძე

დღის ამბები