07 ოქტომბერი 2024,   22:26
ვრცლად
1 237-ზე მეტი დელეგატი - დონალდ ტრამპი საპრეზიდენტო კანდიდატად ოფიციალურად დასახელდა

დონალდ ტრამპი რესპუბლიკური პარტიის ყრილობაზე საპრეზიდენტო კანდიდატად ოფიციალურად დაასახელეს. მას წარდგენისთვის აუცილებელი ათას 237-ზე მეტი დელეგატი ჰყავს. გადაწყვეტილება ყრილობაზე წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, პოლ რაიანმა გამოაცხადა. ოფიციალურად დასახელდა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი, ინდიანას გუბერნატორი მაიკ პენსიც.

“მე ოფიციალურად ვაცხადებ დონალდ ტრამპს და მაიკლ პენსს შეერთებული შტატების რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის და ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატებად,” - განაცხადა პოლ რაიანმა.

ჰილარი კლინტონი რესპუბლიკელთა თავდასხმის ობიექტი ყრილობის პირველი დღის მსგავსად, მეორე დღესაც გახდა. კლინტონის შესახებ განსაკუთრებით მწვავე გამოსვლები პარტიის თანათავმჯდომარეს, შარონ დეის და ნიუ ჯერსის გუბერნატორს - კრის კრისტის ჰქონდათ. გუბერნატორმა სხვა საკითხების გარდა კლინტონი რუსეთთან გადატვირთვის პოლიტიკის გამოც გააკრიტიკა.

„პირველი ვიზიტის დროს ის კრემლში წავიდა და მათ მისცა ის სულელური, სიმბოლური გადატვირთვის ღილაკი. მან 4 წელიწადში დაასრულა ის უსაფრთხოება, რაც 40 წლის მანძილზე იქმნებოდა. მომდევნო წელს თქვა, რომ ჩვენი მიზანი, ამერიკის მიზანი იყო რუსეთის გაძლიერება. უნდა გააძლიერო მოწინააღმდეგე, რომელსაც მართავს ძველი საბჭოთა ისტორიის აღდგენაზე მეოცნებე დიქტატორი?“ - აღნიშნა კრის კრისტიმ.

კომენტარი გააკეთა რესპუბლიკური პარტიის თანათავმჯდომარემ შარონ დეიმაც. 

"როგორც პირველი ლედი, თქვენ ბოროტად შეუტიეთ ქალების ხასიათს, რომელმაც სექსუალური ძალადობა თქვენი ქმრის ხელში განიცადა," - აღნიშნა შარონ დეიმ. 

რესპუბლიკური პარტიის დელეგატები და წევრები, აცხადებენ, რომ შეერთებული შტატების უმთავრესი გამოწვევა უსაფრთხოება და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაა. კანდიდატი კი, რომელიც ამ გამოწვევებს გაუმკლავდება, მათი აზრით დონალდ ტრამპია.

ავტორი: დავით ნიკურაძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები