07 ოქტომბერი 2024,   22:20
ვრცლად
პაველ შერემეტის მკვლელობის გამოძიებაში შეერთებული შტატების ფედერალური საგამოძიებო ბიურო ჩაერთვება

პაველ შერემეტის მკვლელობის გამოძიებაში შეერთებული შტატების ფედერალური საგამოძიებო ბიურო ჩაერთვება. უკრაინის პრეზიდენტის დავალებით უკვე შეიქმნა ოპერატიული ჯგუფი, რომელიც პოლიციის, გენერალური პროკურატურისა და უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს გააერთიანებს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. დანაშაულის მოტივებზე ჯერჯერობით არაფერია ცნობილი. ვერსიებს შორის პროფესიული საქმიანობა და რუსული სპეცსამსახურების კვალიც განიხილება.

პაველ შერემეტი კიევის ცენტრში აფეთქების შედეგად დღეს დილით დაიღუპა. ასაფეთქებელი მოწყობილობა ავტომობილზე, მძღოლის სავარძლის ქვეშ იყო მიმაგრებული. გამოძიება არ გამორიცხავს, რომ მკვლელობის ორგანიზატორის სამიზნე პაველ შერემეტის მეუღლე - უკრაინსკაია პრავდას ხელმძღვანელი, ალიონა პრიტულა ყოფილიყო.

კოლეგები აცხადებენ, რომ ორივე ჟურნალისტი ხშირად ამბობდა, რომ მათ უთვალთვალებდნენ. პრეზიდენტმა სამართალდამცველებს ალიონა პრიტულასთვის დაცვის გამოყოფა დაავალა.

"ჩვენ ვქმნით ოპერატიულ ჯგუფს, რომელშიც შევლენ ჩვენი საუკეთესო სპეციალისტები, მათ შორის უსაფრთხოების სამსახურიდან და შეერთებული შტატების ფედერალური საგამოძიებო ბიუროს სპეციალისტები. გამოძიების მიმართულებებზე ამ წუთას ლაპარაკი ნაადრევია, კონკრეტული ინფორმაცია არ გვაქვს. მაგრამ, განიხილება უკლებლივ ყველა ვერსია, მათ შორის პროფესიული საქმიანობა. უსაფრთხოების სამსახური საკუთარი მიმართულებით მუშაობს. ყველა დეტალი, რომელიც გამოძიების მსვლელობისას დადგინდება, გასაჯაროვდება. დაწყებულია ყველა თვითმხილველის, ოჯახის წევრების და კოლეგების დაკითხვა. პრეზიდენტის დავალებით, ჩვენ ალიონა პრიტულას დაცვას გამოვუყოფთ. ჩემი თხოვნაა და ეს პოლიტიკოსებსაც ეხება, უნდა გვესმოდეს, რომ პოლიციას და სამართალდამცავ უწყებებს პოლიტიკისთვის არ გვცალია. ჩვენ ცივი გონებით უნდა ვიმუშაოთ, რომ დავადგინოთ მკვლელის ვინაობა და რა მიზნით დაიგეგმა ეს მკვლელობა. პრეზიდენტმაც აღნიშნა, რომ ეს ღირსების საკითხია, რადგან უნდა დავადგინოთ ვის სურს ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაცია," - განაცხადა უკრაინის პოლიციის უფროსმა, ხატია დეკანოიძემ. 

დღის ამბები