07 ოქტომბერი 2024,   22:27
ვრცლად
სამხედრო ამბოხის მცდელობის შედეგები - თურქეთში დათხოვნილია 60 ათასამდე ადამიანი

თურქეთში მასობრივი წმენდა გრძელდება. ძალოვანების გარდა, თანამშრომლებს თითქმის ყველა სახელმწიფო უწყებიდან და სასწავლო დაწესებულებიდან ათავისუფლებენ.

უკვე დათხოვნილია 60 ათასამდე ადამიანი. ხელისუფლების მხრიდან ყველა ის პირი იდევნება, რომელიც ფეთულა გიულენის მოძრაობასთან კავშირშია ეჭვმიტანილი. გაზრდილია დაკავებულთა რიცხვიც, მათ ნაწილს უკვე შეეფარდა წინასწარი პატიმრობა. 

სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემედგ, ქვეყნის პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს პირველი სხდომა მოიწვია, სადაც კრიზისულ პერიოდში სამოქმედო გეგმა განიხილეს. 

ექსპერტები აცხადებენ, რომ მასობრივი წმენდის ფონზე, თურქეთის პრეზიდენტი ცდილობს ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთაც მოკავშირეების დარწმუნებას, რომ მისი ნაბიჯები ოპონენტების წინააღმდეგ მიმართული არ არის.

სტამბოლსა და ანკარაში სახელმწიფო შენობებთან კვლავ გაძლიერებულია უსაფრთხოების ნორმები. 

თურქეთში კვლავ აქტიურად საუბრობენ, სიკვდილით დასჯის, როგორც სასჯელის უკიდურეს ზომად აღდგენის შესახებ. 

ნატო, ევროკავშირი, გაერო თურქეთს მოუწოდებს დაიცვან საერთაშორისოდ აღიარებული ადამიანის უფლებები და პროცესები გამჭვირვალედ აწარმოონ. ოფიციალურ ანკარას 15 ივლისს განვითარებული მოვლენების გამოძიებაში დახმარებას სთავაზობს ვაშინგტონიც. დღეს თეთრ სახლში აღნიშნეს, რომ თურქეთისა და ამერიკის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარიც შედგა. 

დღეს WikiLeaks-ის პორტალმა თურქეთის მმართველი სამართლიანობისა და განვითარების პარტიის 290 000 წერილი გამოაქვეყნა. ეს მხოლოდ წერილების ნაწილია და ის ქვეყნის საგარეო ურთიერთობებს ეხება. დაანონსებულია, რომ უახლოეს პერიოდში მმართველი პარტიის წევრებს შორის მიმოწერის ის ნაწილიც გამოქვეყნდება, სადაც ქვეყანაში არსებულ ვითარებაზეა საუბარი. 

 ავტორი თამარ ჭავჭავაძე



დღის ამბები