07 ოქტომბერი 2024,   22:29
ვრცლად
ჟურნალისტის საზარელი მკვლელობა - უკრაინაში უცხოურ ინტერესებზე საუბრობენ

კიევში კვლავ მასშტაბური საპროტესტო აქციები იწყება. ამჯერად მიზეზი დღეს მომხდარი მკვლელობაა. ცნობილი ჟურნალისტი პაველ შერემეტი კიევის ცენტრში ააფეთქეს. ავტომანქანაში, რომელშიც შერემეტი იმყოფებოდა, სავარაუდოდ დისტანციურად მართვადი ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა. მოქალაქეები მომხდარის დროულ გამოძიებას ითხოვენ. 

ერთ-ერთი ვერსიით, თავდასხმის სამიზნე შესაძლოა მისი მეუღლე იყო, სწორედ მას ეკუთვნოდა მანქანა, რომელშიც ცნობილი ჟურნალისტი იმყოფებოდა, თუმცა არსებობს პოლიტიკური ვერსიები და რუსული კვალიც. 

სწორედ უცხოურ ინტერესებს უკავშირებს ჟურნალისტის მკვლელობას უკრაინის პრეზიდენტი. პეტრე პოროშენკომ განცხადება ცოტა ხნის წინ გააკეთა და დროული გამოძიების იმედი გამოთქვა. 

რუსეთის მოქალაქის მკვლელობის სასწრაფო გამოძიება მოითხოვა მოსკოვმა, თუმცა სწორედ რუსულ სპეცსამსახურებს უკავშირებენ კიევში შერემეტის მკვლელობას. 

დღის განმავლობაში ცნობილი გახდა, რომ ჟურნალისტის მკვლელობის საქმის გამოძიებაში FBI-ც ჩაერთვება. მომხდარს გამოეხმაურნენ საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლები, ისინი მომხდარს საზარელ მკვლელობად და თავისუფალ მედიაზე თავდასხმად აფასებენ. მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები ოფიციალურ კიევს მოუწოდებენ, დროულად მოხდეს გამოძიება და დამნაშავეების დასჯა. 

კრიტიკული პუბლიკაციების გამო, შერემეტს კრემლში პირად მტრად მიიჩნევდნენ, უკრაინაში რუსული აგრესიის შემდეგ გავლენიანმა ჟურნალისტმა, რუსეთი დატოვა და კიევში გააგრძელა საქმიანობა.

 

ავტორი ნოდარ მელაძე, თეა თეთრაშვილი

 

დღის ამბები