07 ოქტომბერი 2024,   22:25
ვრცლად
სროლა მიუნხენში - 18 წლის თავდამსხმელის ISIS-თან კავშირი არ დასტურდება

სროლა მიუნხენში - 18 წლის დავიდ სონბოლიმ ხალხის მისამართით მაკდონალდსთან ცეცხლი გახსნა. თავდამსხმელი შენობის მიმართულებით ისე გაიქცა, რომ სროლა არ შეუწყვეტია. მან 9 ადამიანი მოკლა და გაქცევის მიზნით ავტოსადგომის სახურავზე ავიდა.

მსროლელის იდენტიფიცირების შემდეგ, მისი კავშირი ტერორისტულ ორგანიზაციასთან ძალოვანებმა ვერ გამოავლინეს.

გამომძიებლებს მიაჩნიათ, რომ მსროლელი მასობრივი მკვლელობების იდეით იყო შეპყრობილი და აღმოჩენილი სამხილების ფონზე, თავდამსხმელი ანდერს ბრეივიკს დაუკავშირეს, რომელმაც ოსლოსა და კუნძულ უტოიაზე მასობრივი მკვლელობა ზუსტად 5 წლის წინ მოაწყო და 77 ახალგაზრდა მოკლა.

ნორვეგიელი ბრეივიკისგან განსხვავებით, 18 წლის მოზარდმა თავდასხმის შემდეგ თავი მოიკლა.

გამოძიებისთვის უკვე ცნობილია, რომ თავდასხმა სკოლის მოსწავლემ წინასწარ დაგეგმა. მან სოციალურ ქსელში გოგოს სახელით ყალბი პროფილი შექმნა და თანატოლები მაკდონალდსში მიიწვია.

მსროლელის შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად პოლიციამ მისი ოჯახის წევრები, ახლობლები და მეზობლები დაკითხა.

სავაჭრო ცენტრზე თავდასხმის შემდეგ ძალოვანებმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს და მიუნხენის ყველა ქუჩაზე პატრულირება გააძლიერეს. ანგელა მერკელმა კი უშიშროების საგანგებო სხდომა მოიწვია.

ტრაგედიის ადგილზე პოლიტიკოსები და რიგითი მოქალაქეები მიდიან და დაღუპულებს მიაგებენ პატივს. 

უსაფრთხოების კამერებისა და თვითმხილველების მიერ გადაღებული მასალებით გამოძიება მომხდარის დეტალების გარკვევას და გარდაცვლილთა და დაშავებულთა იდენტიფიცირებას მოახდენს.

თავდამსხმელმა მიუნხენის სავაჭრო ცენტრში სამი თურქეთის მოქალაქე, სამი კოსოვოელი ალბანელი და ერთი ბერძენი მოკლა. 

 

 

ავტორი: თეა თეთრაშვილი

ამავე თემაზე
დღის ამბები