07 ოქტომბერი 2024,   22:19
ვრცლად
თურქეთმა ევროკავშირისგან მორიგი გაფრთხილება მიიღო

თურქეთმა ევროკავშირისგან მორიგი გაფრთხილება მიიღო. ევროკომისიის პრეზიდენტი ანკარას ინტეგრაციის საკითხზე მოლაპარაკების შეწყვეტით დაემუქრა თუ ქვეყანაში სიკვდილით დასჯის ზომა კვლავ ამოქმედდება. პარალელურად მთელი ქვეყნის მასშტაბით საკადრო წმენდა გრძელდება. ხელისუფლებამ 42 ჟურნალისტზე დაპატიმრების ორდერი გასცა. ოფიციალური განცხადება ხელისუფლებას მოტივზე არ გაუკეთებია. თურქული საინფორმაციო საშუალებები კი 42 ჟურნალისტის დაკავების ორდერის გაცემას სამხედრო გადატრიალების საქმეზე მიმდინარე გამოძიებას უკავშირებენ.

დღეს ასევე ცნობილი გახდა, რომ საკადრო წმენდა დაიწყო დიპლომატიურ მისიებშიც. საელჩოების თანამშრომლების გარდა სამსახურს ბევრ ქვეყანაში ელჩებიც დატოვებენ. 100-მდე კაცი გაუშვეს სახელმწიფო ავიაკომპანია თურქეთის ავიახაზებიდანაც. 

სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაკავებულთა და სამსახურიდან დათხოვნილთა რიცხვი უკვე 60 ათასს აჭარბებს. დაიხურა მედიასაშუალებები, სკოლები და ორგანიზაციები, რომლებიც ამბოხების ორგანიზებაში ეჭვმიტანილი ფეთულა გიულენის მოძრაობასთან ასოცირდებოდა. თავად გიულენი ამერიკელების გადაწყვეტილების მოლოდინშია. ანკარა შეერთებული შტატებიდან მის ექსტრადირებას ელის.

ავტორი: თამარ ჭავჭავაძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები