03 ოქტომბერი 2024,   13:17
ვრცლად
შეუნარჩუნდებათ თუ არა პედაგოგებს სასერტიფიკატო დანამატები?!

მიიღებენ თუ არა სერტიფიცირებული პედაგოგები 2015 წლიდან სახელფასო დანამატს, რომელსაც მათ სახელმწიფო აქამდე აძლევდა? განათლების მინისტრი ირწმუნება, რომ პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდება, მაგრამ არიან მასწავლებლები, რომლებიც შიშობენ, რომ იანვრიდან მათ არასასიამოვნო სიურპრიზი ელით, რადგან მან მომავალი წლის ბიუჯეტში სახელფასო დანამატებისთვის გამოყოფილ თანხას ვერ მიაგნეს.

 „გადაანგარიშების შემთხვევაში გაგვიჩნდა ეჭვი და ვფიქრობთ, რომ ან ვერ გაიცემა სასერტიფიკატო დანამატები იანვრიდან და მათ ხარჯზე მოხდება შემდეგში უკვე სელექცირებული მასწავლებლების ხელფასების გაზრდა,“ - ამბობს "კურიერთან" ინტერვიუში ისტორიის პედაგოგი, დავით ფერაძე, რომელიც 2007 წლიდან 75 ლარიან დანამატს ამ დრომდე იღებს.

პედაგოგები განათლების სამინისტროსგან მეტ ინფორმაციას და განმარტებას ითხოვენ.

„18 მილიონი სჭირდება იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით არსებული დანამატების გაცემისათვის სამინისტროს. ეს თანხა აქ არ დევს და სწორედ ეს მაკვირვებს, რატომ უნდა მოხსნან დანამატი ისე, რომ არც ვიცოდეთ ამის შესახებ,“ - განმარტავს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, მაია ეკალაძე.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ბიუჯეტის პროექტი საგანმანათლებლო ალიანსი” პედაგოგების შეშფოთებას იზიარებს. ორგანიზაციის თანათავმჯდომარის მტკიცებით,  დოკუმენტში, რომელიც მან პარლამენტის საიტიდან ამოიღო, პედაგოგების პროფესიული განვითარებისთვის მხოლოდ 16 მილიონია გამოყოფილი, რაც განათლების სამინისტროს მხოლოდ ახალი პროექტის განხორციელებას მოხმარდება. კერძოდ, საუბარია სექტემბრიდან სერტიფიცირებული პედაგოგებისთვის 100-ლარიანი, ხოლო არასერტიფიცირებულებისთვის 50-ლარიანი დანამატის გაცემაზე.

დავით ლაგვილავას თქმით, ღიად რჩება საკითხი, მიიღებს თუ არა 20 ათასი სერტიფიცირებული პედაგოგი კუთვნილ დანამატს იანვრიდან აგვისტომდე და, თუ მიიღებს, საიდან.

კიდევ ერთი საკითხი, რაც არასამთავრობოებს ეჭვს უმძაფრებს "ზოგადი განათლების შესახებ" კანონიდან ერთი პუნქტის ამოღებაა. ეს ნაწილი სერტიფიკატის ხანგრძლივობის 8 წლიან პერიოდს ითვალისწინებდა .

ბრალდებებს დღეს განათლების მინისტრმა უპასუხა და არასამთავრობოებს კომპეტენცია დაუწუნა.

„იმისათვის, რომ ბიუჯეტი სწორად წაიკითხო, ალბათ, ცოტა მეტი კომპეტენცია არის საჭირო. არსებულ ბიუჯეტზე დამატებით არის კიდევ განსაზღვრული ეს 16 მილიონი. შესაბამისად, არსებული ბიუჯეტით ჩვენ ვიხდიდით ყველა დანამატს. შესაბამისად, ახალი წლიდან გაგრძელდება ყველა დანამატის გაცემა,“ - აცხადებს განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე.

არასამთავრობოებისთვის მხოლოდ დაპირება, რომ დანამატები მომავალი წლიდან გაიცემა, საკმარისი არ არის. ისინი სამინისტროსგან ბიუჯეტის იმ ნაწილის წარდგენას ითხოვენ, სადაც 2015 წლის იანვრიდან აგვისტომდე პედაგოგების სასერტიფიკატო დანამატისთვის თანხაა მითითებული. წინააღმდეგ შემთხვევაში განათლების სამინისტროს წინ პერმანენტული აქციებით იმუქრებიან.

დღის ამბები