03 ოქტომბერი 2024,   13:21
ვრცლად
ავარეთ-კახეთის გზა - საფრთხე თუ სარგებელი?!

ამ კვირაში ავარეთ-კახეთის გზის მშენებლობამ, მას შემდეგ, რაც დაღესტნის საზღვართან ორმაგი აქცია გაიმართა, პროექტის მხარდასაჭერად და მის საწინააღმდეგოდ, კიდევ ერთხელ შეიძინა აქტუალობა.

ახალგაზრდები გზის მშენებლობის პროექტს აპროტესტებდნენ. მათ საპირისპიროდ კი ადგილობრივები გამოვიდნენ, რომლებსაც მკერდზე ინგლისურად ეწერათ ”რუსეთი” და ზურგზე კი რუსულად - „საბჭოთა კავშირი”.

ავარეთ-კახეთის გზა თბილისს დაღესტანთან აკავშირებს. რუსეთში ამბობენ, რომ ეს გზა აუცილებელია იმისთვის, რომ საქართველომ ეფექტურად შეასრულოს სატრანზიტო ქვეყნის როლი და, მაგალითად, ევრაზიული კავშირის წევრი სომხეთიდან პროდუქცია უფრო მარტივად მოხვდეს დაღესტანში და პირიქით. თუმცა, საფრთხე, რომელიც ამ გზიდან საქართველოს შეიძლება დაემუქროს, არის მოკლე გზა რუსული ტანკებისთვის თბილისამდე.

დღეს თბილისიდან მახაჩყალაში მოხვედრა მხოლოდ შემოვლითი გზებით შეიძლება. ესენია: როკის გვირაბი, ჩრდილოეთ ოსეთის, ინგუშეთის და ჩეჩნეთის გზა. არსებობს კიდევ უფრო გრძელი გზა ბაქოს გავლით.

სოფელ სარუსოს მცხოვრებმა ეთნიკურმა ლეკებმა დაღესტნის საზღვართან რამდენიმე დღის წინ ხმაურიანი აქცია სწორედ ამ გზის მშენებლობის მხარდაჭერისთვის გამართეს. აქციაზე ისინი რუსეთის მხარდამჭერი პლაკატებითა და მაისურებით მივიდნენ. დღეს არც ერთი მათგანი არ ჰყვება, სად შეიძინეს ან ვინ დაურიგა მათ ეს მაისურები.

ერთ-ერთი მათგანი, რაჟმუდინ მაგამედ ივანოვი „ქართული ოცნების“ კოორდინატორია. ორი დღის წინ გამართულ აქციას ის და მმართველი გუნდის სხვა აქტიური მხარდამჭერებიც ესწრებოდნენ. სოფელ სარუსოში მცხოვრები ივანოვი თვლის, რომ რუსეთისგან საქართველოს საფრთხე არ ემუქრება.

დაღესტან-საქართველოს დამაკავშირებელი გზის აღდგენას ეწინააღმდეგება ყვარლის რაიონის ეთნიკურად ქართველი მოსახლეობა. სოფელ საცხენეში, რომელიც საზღვართან გაცილებით უფრო ახლოს არის, შესაძლო საფრთხეებზე საუბრობენ.

ავარეთ-კახეთის გზა ყვარელში დაღესტნის საზღვარზე თითქმის 25 წელია, აღარ ფუნქციონირებს. რუსეთმა გზის აღდგენის სამუშაოები თავის ტერიტორიაზე უკვე დაიწყო. საქართველოს მთავრობაში კი აცხადებენ, რომ მოლაპარაკებები ამ თემაზე რუსეთთან არ მიმდინარეობს. თუმცა, განსხვავებული მოსაზრება აქვთ არასამთავრობოებს, რომლებიც ამ ტერიტორიაზე საპროტესტო აქციებს პერმანენტულად აწყობენ. სწორედ მათი აქციის გასაპროტესტებლად შეიკრიბნენ რამდენიმე დღის წინ ეთნიკური ლეკები საბჭოთა სიმბოლიკის მაისურებით და პლაკატებით, რომელსც „ჩვენ გვინდა რუსეთი“ ეწერა.

ამავე თემაზე
დღის ამბები