03 ოქტომბერი 2024,   13:18
ვრცლად
საქველმოქმედო აქცია ლეიკემიით დაავადებული პატარებისთვის

იაშვილის ბავშვთა კლინიკა და საქველმოქმედო ფონდი ”საქმიანი ქალები” ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისათვის საახალწლოდ საქველმოქმედო აქციას მართავენ.

კლინიკამ და ორგანიზაციამ  სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ სპეციალური გვერდიც შექმნეს, რომელთა დახმარებითაც ქველმოქმედების მსურველებს შეუძლიათ, მძიმედ დაავადებულ და მშობლების გარეშე დარჩენილ ბავშვებს საჩუქარი გაუკეთონ.

ბავშვები თოვლის ბაბუას წერილებს სწერენ და სჯერათ, რომ სანატრელ საჩუქარს ახალი წლის ღამეს აუცილებლად მიიღებენ.

იაშვილის კლინიკაში საახალწლო სამზადისი უკვე დაწყებულია. ყველა წერილი ერთად გროვდება და მათ ასასრულებლად ზრუნვა იწყება.

აქციის ფარგლებში საახალწლო საჩუქრებს მიიღებენ ონკოლოგიური პრობლემების მქონე მშობლების შვილები და სოციალურად დაუცველი პატარებიც, რომელთა ოჯახებს მათთვის ახალი წლის ღამეს ნატვრის ასრულება არ შეუძლიათ.

ლეიკემიით დაავადებული და სოციალური პრობლემების მქონე პატარების საახალწლო სურვილები სოციალურ ქსელ ”ფეისბუქში” იტვირთება. წერილების ნახვა იაშვილის საავადმყოფოსა და ფონდი ”საქმიანი ქალების” გვერდზეა შესაძლებელი. დახმარების სურვილის შემთხვევაში, სასურველი პატარას თხოვნის შესრულება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია.

დღის ამბები