03 ოქტომბერი 2024,   13:18
ვრცლად
საყდრისის გადარჩენის კომიტეტის წევრები პოლიციას "არემჯის" საქმიანობის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ

მთელი დღის განმავლობაში საყდრისის საბადოსთან ერთმანეთის პარალელურად 2 აქცია მიმდინარეობდა. ამ დროისთვის ყაჩაღიანის ბორცვი დატოვეს, როგორც ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა, ასევე საყდრისის გადარჩენის კომიტეტის წარმომადგენლებმაც. ისტორიული მაღაროს დამცველებმა კაზრეთში, პოლიციის შენობასთან გადაინაცვლეს.

კომიტეტის წევრებმა სულ ცოტა ხნის წინ შეიტანეს შესაბამისი განცხადება კაზრეთის პოლიციაში და ამ განცხადებით მოითხოვეს პოლიციამ იმოქმედოს დაუყოვნებლივ, რათა შეწყდეს დაწყევბული სამუშაოები. საყდრისის გადარჩენის კომიტეტის წარმომადგენლები სამუშაოების უკანონოდ მიმდინარეობაზე საუბრობენ.

თუკი პოლიცია არ შეასრულებს აქციის მონაწილეების მოთხოვნას, ისინი გეგმავენ მიმართონ გენერალურ პროკურატურას და გენერალურ ინსპექციას. ასევე აქციის მონაწილეები გეგმავენ აქცია პრეზიდენტის რეზიდენციასთანაც გამართონ და სამუშაოების შეწყვეტა მოითხოვონ.

„არემჯი გოლდის“ მიერ საყდრისის ტერიტორიაზე დაწყებული სამუშაოების მოწინააღმდეგეები მთელი დღის მანძილზე აპროტესტებდნენ სამუშაოების მიმდევრობას. მათი თქმით, მართალია ძეგლს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი შეუჩერდა, მაგრამ ის კვლავ რჩება არქეოლოგიურ ობიექტად და ამ ტერიტორიაზე მიმდინარე ნებისმიერ პროცესში ჩართული უნდა იყვნენ არქეოლოგები.  

საყდრისის დაცვის კომიტეტის წევრების აქციის პარალელურად კიდევ ერთი აქცია მიმდინარეობდა დღეს საბადოს ტერიტორიაზე. აქ შეიკრიბა ადგილობრივი მოსახლეობა. მათ დადებითად შეაფასეს საყდრისის ტერიტორიაზე „არემჯი გოლდის“ მიერ დაწყებული სამუშაოები და განაცხადეს, რომ ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს, რადგან მათი უმრავლესობა ამ კომპანიაშია დასაქმებული და ამთი შემოსავლის ერთადერთი წყაროც ამ ობიექტზე მიმდინარეო სამუშაოებია. 

ამავე თემაზე
დღის ამბები