03 ოქტომბერი 2024,   13:19
ვრცლად
ქართველები უკრაინის ომში - საკუთარი სიცოცხლის ფასად დაცული უცხო მიწა

ქართული ნაციონალური ლეგიონის მეთაური მამუკა მამულაშვილი დღეს უკრაინაში იბრძვის. ამბობს, რომ საქართველოს და უკრაინის საერთო მტრის, რუსეთის დამარცხებისთვის ჩაერთო ომში.  

იგი იბრძოდა აფხაზეთში, შემდეგ ერაყში, 2008 წლის აგვისტოში კი სამაჩაბლოში.

ქართველი მოხალისე უკრაინის შენაერთებს სამხედრო დახმარებას უწევს.  

„დღეს ჩვენ და უკრაინას გვყავს საერთო მტერი და თუ ის არ შეჩერდა, ამ მოწინავე ხაზზე, სადაც ეხლა ვართ, ძალიან დიდი ალბათობით ეს მტერი დაუბრუნდება ისევ საქართველოს. ასე რომ, ჩვენ ვიცავთ საქართველოს პოზიციებს“, - აცხადებს მამუკა მამულაშვილი „პოსტსკრიპტუმთან“ საუბრისას.

კიდევ ერთი ქართველი უკრაინაში ზედმეტსახელად „ჩუჟოია“. ის ისევე, როგორც დანარჩენები ადგილობრივ ჯარს სამხედრო მომზადებაში, განსაკუთრებით კი დაზვერვის საკითხებში ეხმარება. „ჩუჟოი“ ისევე, როგორც სხვები ფრონტის წინა ხაზზე იბრძვის.  

„ეს იყო ჩვენი პატრიოტული სურვილი და ვეხმარებით იმ პრობლემის წინააღმდეგ, რომელიც დაატყდა ამ ქვეყანას და რუსებს უნდათ ამ ქვეყნის დანაწევრება ისე, როგორც ჩვენ გვაქვს აფხაზეთი და ოსეთი.

ქართველების დახმარებას განსაკუთრებულად აფასებენ მათი უკრაინელი კოლეგები.

საპატრულო ბატალიონის მეთაურის მოადგილე იური ორუჯოვი „პოსტსკრიპტუმთან“ ამბობს, რომ მას ეამაყება უკრაინის დამცველებს შორის ქართველების არსებობა.

„საქართველოს შვილები საკუთარი პრინციპების ერთგულები დარჩნენ. ისინი ნამდვილი მებრძოლები არიან, მათ აქვთ ღირსება და პატივს სცემენ ღირებულებებს. ჩვენ მათთან ერთად მხარდამხარ ვიცავთ ჩვენს სამშობლოს. დღეს ჩვენა წინააღმდეგ იბრძვის რეგულარული არმია. ეს არის დიდი ქვეყნის რეგულარული არმია, იმ დიდი ქვეყნის რომელიც არასდროს ყოფილა ჩვენი ძმა, მიუხედვად იმისა, რომ თავად ასე ამბობდა“, - აღნიშნა იური ორუჯოვმა.

დღის ამბები