03 ოქტომბერი 2024,   13:18
ვრცლად
პროტესტი თავდაცვის სამინისტროსთან - მოქალაქეები მინისტრის გადადგომას ითხოვენ

თავდაცვის სამინისტროსთან უკრაინაში ქართველი მებრძოლის ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვასთან დაკავშირებით აქცია ამ წუთებში მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებას აპროტესტებენ და მინისტრის მინდია ჯანელიძის გადადგომას და ასევე მისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვენ.

აქციის მონაწილეების თქმით, ასეთ განცხადებას თავდაცვის სამინისტრო მტავრობასთან შეუთანხმებლად ვერ გაავრცელებდა.

აქცია სოციალურ ქსელში დაიგეგმა.

"თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ოფიციალური პოზიცია უკრაინაში მებრძოლ ალექსანდრე გრიგოლაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სახელმწიფო ინტერესებისთვის სამარცხვინოა და საფრთხის შემცველი.

მსგავსი განცხადებები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობას. სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადება კი ნათლად მიუთითებს უწყების პოლიტიზირებულობაზე, რომელიც ალექსანდრეს გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობას წინა ხელისუფლებას აკისრებს. უკრაინაში მებრძოლი ქართველები მოხალისედ ეწერებიან და უკრაინის თავისუფლებასთან ერთად იცავენ საკუთარი სამშობლოს ინტერესებს. შეგახსენებთ, რომ აფხაზეთის ომის დროს საქართველოს მხარეს რამდენიმე ასეული უკრაინელი იბრძოდა, რომელთაგან 14 ვახტანგ გორგასლის მედლითაა დაჯილდოებული. თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული განცხადება არის ღირსების შემლახავი თითოეული უკრაინაში მებრძოლისთვის, თითოეული ქართველი მებრძოლისთვის, თითოეული სამოქალაქო პირისთვის. აუცილებელია, თავდაცვის სამინისტრომ მოიხადოს ბოდიში და დადგეს მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი, დაუყოვნებლივ გადადგეს მინდია ჯანელიძე", - ნათქვამია Facebook-ში აქციის საორგანიზაციო გვერდზე.

თავდაცვის სამინისტრომ გუშინ გამოაქვეყნა განცხადება, სადაც აღნიშნულია, "რომ ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვის გამო, სრული პასუხისმგებლობა ეკისრებათ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს.

დღის ამბები