ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალურ დირექტორს დღეს, 15:00 საათზე დაკითხვაზე ელოდებიან. ნიკა გვარამია შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში მოწმის სახით მიდის.
საქმე ეხება კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევას, პირადი საუბრების უკანონოდ მოპოვებასა და გავრცელებას.
ინტერნეტში ნიკა გვარამიასა და მამუკა ახვლედიანის საუბრის ჩანაწერის გავრცელებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სამ ოქტომბერს დაიწყო, თუმცა ადვოკატს საქმის გახსნის იმედი არ აქვს.
„საგამოძიებო ორგანოს მივაწვდით ინფორმაციას იმ კითხვებთან დაკავშირებით, რაზეც მათ შეიძლება ჰქონდეთ ნიკა გვარამიასა და მამუკა ახვლედიანის შემდგარი კომუნიკაციის ამსახველი ჩანაწერის გავრცელებასთან დაკავშირებით. როგორც ნიკა გვარამიამ განაცხადა, განხორციელდა მის კომპიუტერულ სისტემაში უკანონო შეღწევა და მოპოვებულ იქნა უკანონოდ მათი საუბრის ამსახველი ჩანაწერი და ამის საფუძველზე იქნა გამოძიება დაწყებული რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, თუმცა ჩვენ ნამდვილად არ გვაქვს იმედი, რომ ამ საქმეზე გამოძიებას მოჰყვება რეალური შედეგები, გამომდინარე იქედან, რომ წარსულში არაერთხელ განხორციელდა ნიკა გვარამიას მიმართ უკანონო ქმედებები,“-განაცხადა ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა.