უკვე რამდენიმე საათია უზენაესმა სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე მსჯელობა დაიწყო. უცნობია დასრულდა თუ არა პირველი სხდომა, შეიკრიბებიან თუ არა მოსამართლეები უახლოეს დღეებში და როდის გახდება გადაწყვეტილება ცნობილი მხარეებისთვის.
კანონმდებლობის მიხედვით არ არის გაწერილი საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის პროცედურები. შეგახსენეთ, რომ სამაუწყებლო კომპანიის საქმეზე, რუსთავი 2-ის იურისტები ზეპირ მოსმენებს ითხოვდნენ, თუმცა მოსამართლეთა კოლეგიამ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ამ გადაწყვეტილებით კი პროცესებს მხოლოდ მოსამართლეები ესწრებიან და თათბირობენ.
ცნობილია მხოლოდ ის, რომ უზენაესმა სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე გადაწყვეტილება მაქსიმუმ 2017 წლის 25 იანვარს უნდა გამოაცხადოს, რადგან სწორედ ამ დროს გასდის სასამართლოს კანონმდებლობით დადგენილი 6 თვიანი ვადა საქმეზე გადაწყვეტილების გამოსატანად.
როგორც რუსთავი 2-ის ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი აცხადებს, უზენაეს სასამრთლოს 3 გადაწყვეტილების მიღების საშუალება აქვს:
"ერთი შეიძლება დაკმაყოფილდეს საკასაციო საჩივარი და დაბრუნდეს ის სააპელაციო სასამართლოში. მე როგორც იურისტი ვფიქრობ, რომ ეს საჩივრები აუცილებლად დასაკმაყოფილებელია მით უმეტეს იმ პირობებში როცა სასამართლომ დაუშვა ჩვენი საჩივარი და თქვა, რომ წინა ინსტანციაში დარღვევებით წარიმართა პროცესი.
გააუქმოს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და მიიღოს ახალი გადაწყვეტილება და უარი უთხრას მოსარჩელეს, ანუ ქიბარ ხალვაშს, სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
ან მიიღოს ახალი გადაწყვეტილება და მიაკუთვნოს რუსთავი 2 ქიბარ ხალვაშს,"- აცხადებს დიმიტრი საძაგლიშვილი.
რუსთავი 2-ის იურისტმა კურიერის პირდაპირ ეთერში საუბრის დროს ასევე აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში თუ სასამართლო რუსთავი 2-ს ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნებს, ტელეკომპანია საქართველო და რუსთავი 2 სარჩელს სტრასბურგის სასამართლოში შეიტანენ.
აქვე ცნობილია, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ აღსრულების პროცესი იწყება, რადგან საქართველოში ეს სასამართლო სისტემის ბოლო ინსტანციაა.
"საჭიროების შემთხვევაში სტრასბურგში გავასაჩივრებთ, შესაბამისად შემდეგ იმედი გვექნება ევროპული სასამართლოსი. რეალურად სტრასბურგის სასამართლოში საქმის განხილვა გაწელილი პროცესია,"- აცხადებს საძაგლიშვილი.