03 ოქტომბერი 2024,   13:21
ვრცლად
არასამთავრობოები ციხეებში მონიტორინგის შეზღუდვას აპროტესტებენ

პრევენციის ეროვნული მექანიზმის მონიტორინგის ჯგუფის ხელმძღვანელს, ნიკა კვარაცხელიას, ნეპოტიზმში ადანაშაულებენ.

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი აცხადებს, რომ  მან ჯგუფში საკუთარი მეგობრები და ახლობლები დაასაქმა და სხვა წევრებს არ ეძლეოდათ საქმიანობის საშუალება.

თავად კვარაცხელია ბრალდებას უარყოფს და მას ცილისწამებას უწოდებს.

როგორც კვარაცხელიამ აღნიშნა, ჯგუფის ყველა წევრს ჰქონდა საშუალება, ჩაეტარებინა მონიტორინგი. მისი თქმით, წევრების შერჩევის კრიტერიუმი იყო მათი ჩართულობა, პასუხისმგებლობა და ანგარიშვალდებულება კონკრეტული მექანიზმის წინაშე.

არასამთავრობოების კიდევ ერთი ბრალდება სახალხო დამცველს ეხება, რომლის მიხედვითაც საპატიმროებში ვიზიტის ჩატარებაზე ნებართვას მხოლოდ ის გასცემდა.

იურისტი, "საქართველოს მოსამართლეთა ერთობის" აღმასრულებელი დირექტორი, ნაზი ჯანეზაშვილი, აცხადებს, რომ განხორციელებულ ვიზიტებს შორის დიდი დისბალანსია. ზოგი მონიტორი მხოლოდ ერთხელ არის ნამყოფი ციხეებში, ზოგის ვიზიტების რაოდენობა კი 20-ს აჭარბებს. როგორც ჯანეზაშვილი აღნიშნავს, ამის შესახებ გადაწყვეტილებას სწორედ სახალხო დამცველი იღებს.

„კურიერი“ შეეცადა, ჩაეწერა კომენტარი სახალხო დამცველისგან. თუმცა, უჩა ნანუაშვილი ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებს.

არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობის“ აღმასრულებელი დირექტორი, ირაკლი ვაჭარაძე, კი აცხადებს, რომ საპატიმროებში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები და წამება ისევ გაგრძელდება და ამის შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია არ ექნება, რადგან მონიტორინგის ჯგუფის წევრებს არ აქვთ სიტყვის თავისუფლება. 

დღის ამბები