19 ნოემბერი 2024,   10:36
ვრცლად
იურისტებისთვის "რუსთავი 2"-ის საქმის დაჩქარებული წესით განხილვა კითხვის ნიშნებს აჩენს

დაუბრუნდება თუ არა რუსთავი2-ის საქმე სააპელაციო სასამართლოს - უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ამ დრომდე უცნობია. სამაუწყებლო კომპანიის საქმის განხილვა უზენაეს სასამართლოში 12 საათზე მეტხანს გაგრძელდა.

ბოლო ინფორმაცია ტელეკომპანიის ადვოკატებმა ღამის 11 საათისთვის, კოლეგიის თავმჯდომარის, ეკა გასიტაშვილის თანაშემწისგან მიიღეს.

იურისტები ამბობენ, რომ დაჩქარებული წესით საქმის განხილვა კითხვის ნიშნებს აჩენს.

„გამომდინარე იქიდან, რომ ვადა არის საკმარისი 2017 წლის 25 იანვრამდე, ნოემბერშივე ასეთი ტემპებით პროცესის ჩატარება, კითხვის ნიშნებს აჩენს. შეიძლება გადატვირთულობიდან გამომდინარე თუ სხვა საქმეებიც აქვთ, შესაძლებელია დავასკვნათ, რომ სჭირდებათ დამატებითი საათი, მაგრამ თუ საქმე მოცულობით და კითხვის ნიშნები აქვთ, ყველაზე კარგი გზა ეფექტურად მოგვარებისთვის და ამ  საქმის გადაწყვეტისთვის, იქნებოდა პროცესზე ჩვენი დაძახება და უშუალოდ მხარესთან გარკვევა, რაც დააჩქარებდა პროცესებს და დაეხმარებოდა სასამართლოს უფრო ადვილად გარკვეულიყო საქმეში,“ - განაცხადა თამთა მურადაშვილმა.

სამაუწყებლო კომპანიის კიდევ ერთი ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი წინა ინსტანციების შედეგებსა და გამოცდილებას იხსენებს. საძაგლიშვილი აცხადებს, რომ არსებობს შიშები იმის შესახებ, რომ შესაძლებელია უზენაესი სასამართლო ჩქარობდეს გადაწყვეტილების მიღებას რუსთავი 2-ის საქმეზე.

„ჩვენ განსაკუთრებით სენსიტიურები ვართ ამ მიმართულებით, იმდენად რამდენადაც პირველ ინსტანციაშიც და სააპელაციო სასამართლოშიც ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობდა პროცესები და გვახსოვს შემთხვევები, როდესაც სხვა პროცესებს დებდნენ მხოლოდ იმის გამო, რომ რუსთავი 2-ის საქმე განეხილათ. გარდა ამისა, გვახსოვს შემთხვევები, როდესაც კანონით გათვალისწინებულ ვადაზე ადრე გვიგზავნიდნენ გადაწყვეტილებას. სწორედ ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენ შიშები ამასთან დაკავშირებით გაგვაჩნია, რომ შესაძლებელია უზენაესი სასამართლო ჩქარობდეს გადაწყვეტილების მიღებას რუსთავი 2-ის საქმეზე,“ - აცხადებს დიმიტრი საძაგლიშვილი.

რა ხდება დღეს უზენაეს სასამართლოში რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით, უცნობია. კომპანიის იურისტებმა ვერ მიიღეს ინფორმაცია არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. ასევე უცნობია, გრძელდება თუ არა ისევ მოსამართლეების მიერ საქმის განხილვა. მოსამართლეთა კოლეგიას გადაწყვეტილების მიღებისთვის ვადა 25 იანვრამდე აქვთ.

დღის ამბები