მიადგება თუ არა გამოუსწორებელი ზიანი საქართველოში დემოკრატიას - ოპოზიციაში თვლიან, რომ ამ კითხვაზე პასუხი უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.
მმართველ გუნდში კი კიდევ ერთხელ უარყოფენ ბრალდებას რუსთავი 2-თან დაკავშირებით მიმდინარე საქმეში ხელისუფლების ჩარევასთან დაკავშირებით.
მათი თქმით, უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა ქვეყანაში ყველაზე მაღალი ლეგიტიმაციის მქონე ორგანოა, ამიტომ წინასწარ კითხვის ნიშნის დასმა გამართლებული არ არის.
„ეს არის ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი თემა გამომდინარე იქედან, რომ რუსთავი 2 იქნება თუ ნებისმიერი სხვა ტელევიზია და მაუწყებლობა, მათი პლურალიზმის, მათი თავისუფლების შენარჩუნება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ხელისუფლების ჩართულობასთან დაკავშირებით არც შეიძლება რომ მქონდეს რაიმე ინფორმაცია და რაიმე შეგრძნებები. არასწორი იქნება, რომ ვთქვა რამე ამასთან დაკავშირებით. ჩემთვის მთავარია სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხი იყოს მაღალი,“-აცხადებს ვიქტორ დოლიძე.
სასამართლო პროცესში ხელისუფლების ჩარევაზე საუბრობს ოპოზიცია. ნაციონალურ მოძრაობაში ამბობენ, რომ რუსთავი 2-ისა საქმის დიდი პალატისთვის გადაცემა ნიშნავს იმას, რომ რამდენიმე მოსამართლე ხელისუფლებამ ბოლომდე ვერ გატეხა.
„უზენაესი სასამართლოს მთლიანი პასუხისმგებლობა იქნება დაემორჩილებიან თუ არა ისინი ივანიშვილის ნებას და მიაყენებენ თუ არა ისინი გამოუსწორებელ ზიანს საქართველოს მთლიანობაში,“-განაცხადა გიორგი კანდელაკმა.